შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. დააკავეს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.