LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარს ყველა ის სიმღერა, რომელსაც ვქმნი… არ არსებობს, რომ სიმღერა შემსრულებელს მივცე და დავივიწყო, ყველა სიმღერას ბოლომდე ვგულშემატკივრობ“ – ცირა ბზიშვილი

271
cirabzishvilishow-2021-07-06_08-03-39_451211

25 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ კომპოზიტორ-შემსრულებელი ცირა ბზიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.

 ცირა, რა არის შენი მუზა, საიდან მოდის ეს ჰანგები და იდეები?

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემს სიმღერებს და მუზას ჩემს საკუთრებად ვთვლიდი და ეგოისტურად ვიქცეოდი. რაც გავაცნობიერე, რომ ეს სიმღერები ჩემი საკუთრება არ არის, რომ ეს ყველაფერი რაღაც ძალით იქმნება და მე უბრალოდ გამტარი ვარ და უბრალოდ ჩემი მეშვეობით მიდის ხალხის გულებამდე, ვფიქრობ, ამის მერე უფრო თავისუფალი გავხდი და ახლა პასუხისმგებლობაც უფრო მეტი მაქვს.

საიდან წამოვიდა თემურ თათარაშვილის სიმღერის „სიყვარული წავიდა“ იდეა?

ამ სიმღერის იდეაც, ტექსტიც და მელოდიაც ძალიან უცბად და ერთობლივად მოვიდა. პანდემიის გამო რომ ჩავიკეტეთ, ძალიან ბევრი რამ დაგროვდა ჩემში და თითქოს, ეს ყველაფერი, სევდა, სინანული, მელანქოლია ამ სიმღერაშია გადმოცემული. მე ვარ ურთიერთობების ადამიანი, რომელსაც ძალიან სჭირდება ადამიანების სიყვარული და ენერგიების გაცვლა. ერთ დღესაც ვთქვი, აღარ შემეძლია სახლში ყოფნა, სტუდიაში წავალ და ორი დღე იქ ვიქნები-მეთქი, რადგან მახსოვს, ისეთი ჩაკეტილი სიტუაცია იყო, რომ მოძრაობაც კი გაჩერებული იყო. წავედი სტუდიაში, მარტო ჩავიკეტე და მაშინ შეიქმნა ეს სიმღერა. პირველად ჩემს მეუღლეს მოვასმენინე, მერე თემოს და ძალიან მოეწონა, ასე მითხრა, დროზე ჩავწეროთ და გავაკეთოთო. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, მიყვარს ყველა ის სიმღერა, რომელსაც ვქმნი. არ არსებობს, რომ სიმღერა შემსრულებელს მივცე და დავივიწყო, ყველა სიმღერას ბოლომდე ვგულშემატკივრობ.

როგორ შეიქმნა სიმღერა „მთელი ცხოვრება მიყვარხარ“, რომელსაც თამუნა ამონაშვილი ასრულებს?

ეს სიმღერა ძალიან დიდხანს, დაახლოებით, 2 წელი კეთდებოდა. თითქოს, ბოლომდე ვერ ვიღებდი იმ შედეგს, რომ გამზადებულად და დასრულებულად ჩამეთვალა. თამუნას სასწაული ნებისყოფა აღმოაჩნდა, ასე მელოდა და მელოდა. სხვათა შორის, იმ დღეს აღნიშნა, სამაგიეროდ ღირდა ლოდინადო. ძალიან მიხარია ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი ადამიანები ასრულებენ ჩემს სიმღერებს. შემსრულებლებთან ყოველთვის რაღაც სულიერი კავშირი მაქვს, ყოველთვის ის განცდა მაქვს, რომ ჩემთვის ახლობელი ადამიანები არიან და შესაბამისად, ახალი მეგობრები ჩნდებიან ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. გამიმართლა, რომ ყველას ასეთი კარგი დამოკიდებულება და სიყვარული აქვს ჩემი სიმღერების მიმართ, რადგან ვფიქრობ, მთავარია, რომ მომღერალს უყვარდეს ის ნამუშევარი, რასაც ასრულებს.

 

გადაცემის ჩანაწერი:

,,სულ მშურს ადამიანების, ვინც მზესთან ერთად იღვიძებენ” – ცირა ბზიშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები