LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზები, რის გამოც ”თურქმენეთის ავიახაზებმა” ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადაიფიქრა

60

„თურქმენეთის ავიახაზები“ დღეს დაგეგმილ რეისს თბილისი – აშხაბადის მიმართულებით აღარ შეასრულებს.  ავიაკომპანიამ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე შემოსვლისგან თავი შეიკავა.

თუ რამ განაპირობა ეს, მიზეზებზე”ფორტუნა” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორს, გურამ ჯალაღონიას ესაუბრა.

ჯალაღონიას განმარტებით, მთავარი მიზეზი კომერციული თვალსაზრისით არამომგებიანობა გახდა.

”მოგეხსენებათ, ფრენების დაწყებას ზამთრის სეზონი დაემთხვა, ზამთარში მგზავრთნაკადი ისედაც მცირდება, შესაბამისად, ეს პერიოდი კომერციულად არამომგებიანია… მიუხედავად, იმისა რომ ხელშეკრულება დიდი ხნის წინ გავაფორმეთ და სწორედ ამ სეზონზე იგეგმებოდა ფრენების დაწყება, კომპანიამ რეისების განხორციელება გადაიფიქრა”, – აღნიშნა ჯალაღონიამ.

მისივე ინფორმაციით, თბილისი – აშხაბადის რეისი ჩაშალის შესახებ წერილი თურქმენული კომპანიისგან მან ერთი კვირის წინ მიიღო. თუმცა, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ”თურქმენეთის ავიახაზები” ქართულ ბაზარზე შემოსვლაზე უარს ამბობს.  ”ჩვენი მხრიდან არ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი. ახლაც მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები ამ რეისის დაწყებაზე და ველოდებით მათ პასუხს. ”თურქმენეთის ავიახაზები” თბილისი – აშხაბადის მიმართულებით აუცილებლად იფრენს, თუმცა დროის დაკონკრეტება,  ეს როდის მოხდება, მიჭირს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ჯალაღონიამ.

შეგახსენებთ,    თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დღეიდან იწყებოდა.   რეგულარული რეისები საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ბოინგის საჰაერო ხომალდებით უნდა განხორციელებულიყო.    ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, 2016 წლის 4 ივლისს, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

magti 5g