3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ექიმები რეანიმაციიდან მისი პალატაში გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც კახაბერ ჭელიძემ აღნიშნა, პაციენტის მხედველობის ფუნქცია დაქვეითებულია, მაგრამ ფუნქცია შენახულია:
„ყველა პარამეტრით გაუმჯობესება გახლავთ. ცნობიერია, კონტაქტი სრულიად მყარდება, თვითონ ითხოვს წამოდგომასაც, უკვე მოხერხდა თვალის ფუნქციის შეფასება და საბედნიეროდ, მხედველობის ფუნქცია, მართალია დაქვეითებულია, მაგრამ ფუნქცია შენახული გახლავთ. ხედავს, შეუძლია ობიექტების გარჩევაც. ასე რომ, ახლა გადაწყდება რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანის საკითხი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა თავისუფლად შეთავსებადია პალატაში გადაყვანის საკითხთან“, – უთხრა კახაბერ ჭელიძემ „ინტერპრესნიუსს“.
ცნობისათვის, აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ალექსი თირქია 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით და თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით შეიყვანეს.