Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი დარწმუნებულია, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამის შესახებ მან Recode-თანინტერვიუში ილაპარაკა.უფრო მეტიც, ცუკერბერგი ამბობს, რომ რუსეთის აქტიურობა არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს შეინიშნებოდა. ლაპარაკია რუს ჰაკერებზე, რომელთაც APT28-ს უწოდებენ. ამის შესახებ კი სოციალური ქსელის მენეჯმენტმა გამოძიების ფედერალური ბიურო ჩააყენა საქმის კურსში.
მისივე თქმით, საფუძველი იმისა, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს, რომლებმაც მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, უნდობლობა გამოუცხადო, არ არსებობს.
როგორც ცუკერბერგი ამბობს, მსგავსი ტიპის აქტივობა რუსი ჰაკერების მხრიდან 2016 წელს არჩევნების პერიოდშიც დაფიქსირდა. კერძოდ, ორივე პარტიის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ადამიანების ანგარიშების გატეხვის მცდელობა.
” ჩვენ შესაბამისი პირები, რისკის ზონაში მყოფი პირები საქმის კურსში ჩავაყენეთ. ჩვენი ყურადღება გამახვილდა ამ საფრთხეებზე და ეს იყო ხაფანგი. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსმა ჰაკერებმა ყალბი გვერდები დაარეგისტრირეს და სასურველი ინფორმაცია გაავრცელეს. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რაც მოხდა”- ამბობს ცუკერბერგი.
მისივე თქმით, კვლევისას გამოიკვეთა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ეს გზები, რომელთა მიზანიც არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენაა, არა მარტო აშშ-ში დაფიქსირდა, არამედ გერმანიაში, საფრანგეთსა და მექსიკაშიც.
შეგახსენებთ, აშშ რუსეთს კიბერთავდასხმების და პროპაგანდისტული კამპანიის საშუალებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობას ედავება. რუსეთი არჩევნებში ჩარევის ყველანაირ მცდელობას უარყოფს.