LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტში შევა: “ქართული ოცნების” დეპუტატები ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან

81
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციის წევრების მანდატების შეჩერების საკითხს ეხმაურებიან. ამბობენ, რომ ოპოზიციაში ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და არაადეკვატური განცხადებები ისმის, თუმცა მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში ჯერ კიდევ აქვთ მოლოდინი, რომ გარკვეული ძალები პარლამენტში შევლენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა პროცესს აკვირდება და იმედოვნებს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაუწესა და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

„ისინი ერთი მხრივ, დაჟინებით მოითხოვენ, შეუწყდეთ უფლებამოსილება. მეორე მხრივ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს. გასაგებია, მათი ეს არაადეკვატური განცხადებები, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლიანად ვუდგებით. რა თქმა უნდა, დავიცავთ რეგლამენტის ყველა ნორმას, ვადაში ჩავეტევით და ისე განვიხილავთ, როგორც კომიტეტზე, ასევე ამ საკითხს სესიაზე კენჭისყრაზე გავიტანთ, კენჭი ცალ-ცალკე ეყრება“. – განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს რეგლამენტის მე-6 მუხლთან საერთო არ აქვს, სადაც შეუთავსებლობის ან სხვა საქმიანობის დაწყების გამო,  პირადი განცხადების დაწერა თავმჯდომარის სახელზე ხდება. მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველ ძალას არ სურს დაზიანდეს ის პოლიტიკური პროცესი, რომელშიც უკვე მთელი ცივილიზებული სამყაროა ჩართული.

პარლამენტი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეჩერებაზე დღეს იმსჯელებს

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან, 54-მა გააკეთა, მათგან 5-ს მანდატი უკვე შეუწყდა.

„ყველა ამბობს, მათ შორის მათი ამომრჩეველი, რომ შედით პარლამენტში და იქ გქონდეთ კამათი. მოლაპარაკებები ჩვენთვის პრობლემა არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვინდა, რომ პირობებზე, რაც მოლაპარაკების მაგიდასთან დაიდო, მათი მხრიდან  შესაბამისი პასუხი გვქონდეს”. – განაცხადა დეპუტატმა.

ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერების საკითხს ასევე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. მისი განცხადებით, ოპოზიცია ვერ აღიქვამს, რა საჭიროება უდგას რეალურად ქვეყანას. მისივე თქმით, ისინი, ვინც ე.წ. პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მხოლოდ დესტრუქციული-რევოლუციური სცენარის მოლოდინის გაღვივებაში არიან და სხვა რაიმე კონსტრუქციულის დანახვა არ შეუძლიათ.

„ფაქტია, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეების დაკვეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ყველა სტრატეგიული მოკავშირეების მოწოდების წინააღმდეგ მიდიან. პარლამენტარიზმი და საპარლამენტო რესპუბლიკა საერთოდ არ წარმოუდგენიათ, მათი ხედვაა, მხოლოდ ხელისუფლებაში იყვნენ, სხვანაირად არაფერი არ აინტერესებთ, არც ქვეყნისა და არც მოკავშირეების“.– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

შეგახსნებთ, რომ დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს განიხილავენ.

 

პოპულარულები