მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის სტრასბურგის მოლაპარაკებაზე უარს ამბობს და არსებულ პროექტს რედაქციული შესწორებებით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს. ამის შემდეგ კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა – საკონსტიტუციო პროექტი არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის, თუ ძალაუფლების კონსოლიდაციისა და შენარჩუნებისთვის.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ოპოზიციაში, ხარვეზებსა და საფრთხეებს ხედავენ საექსპერტო წრეებში.
საექსპერტო წრეების მოსაზრებები
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლოა, პარლამენტმა მესამე მოსმენით, რომელიც ორი მოსმენით მიღებული პროექტისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული კონსტიტუცია მიიღოს.
„კონსტიტუციის საბოლოო რედაქციას, ალბათ, მაშინ ვნახავთ, როცა მესამე მოსმენით მიიღებს პარლამენტი. ერთი იყო კომისიაზე რაც იყო, მეორე ვერსია იყო, რაც საყოველთაოდ განიხილეს, მესამე ვარიანტია პროექტი, რომელიც ორი მოსმენით მიიღეს და მესამე მოსმენით რას მიიღებენ, კაცმა არ იცის,“ – აცხადებს ძაბირაძე.
ძაბირაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებას არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნა სურს და ამის გამო პროცესების ქუჩაში გადატანის საფრთხესაც ხედავს.
„კონსტიტუცია არც საფრთხეების შემცველია და არც ამცილებელი, კონსტიტუცია მაშინ მუშაობს ქვეყანაში, როცა ქვეყნის ინტერესებსაა მორგებული და არა ხელისუფლების. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, არა მარტო დღეს, გუშინაც, გუშინწინაც, 1995 წელსაც, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, მნიშვნელოვანი მუხლები, რაც ძალაუფლების გადანაწილებას, არჩევითობას ეხებოდა, ხელისუფლების ინტერესებს იყო მორგებული, ამას ყველა ხელისუფლება ცდილობდა და ესაა პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გამოცდილება, რომლის მიხედვით, კონსტიტუცია არაა საკმარისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველა ხელისუფლება იგივეს ცდილობს და გამონაკლისი არც „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა. საფრთხის შემცველია განცხადება, სადაც აღნიშნული იყო რომ არ აქვთ სურვილი, ესაუბრონ ოპოზიციას, რადგან იკვეთება, რომ მათ არ სურთ თანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნა, ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ, რის ფასადაც უნდა დაუჯდეთ ეს. ძალაუფლების შენარჩუნება კი უნდათ, კონსტიტუციით გაამართლონ, მაგრამ, როცა პროცესები ქუჩაში გადადის, კონსტიტუცია, როგორც წესი, იქ არ მუშაობს, საფრთხისშემცველი ისაა, რომ ოპოზიციას და ოპოზიციურ აზრს ისევ ქუჩაში მიერეკება ხელისუფლება,“ – აცხადებს ძაბირაძე.
კონსენსუსის მიუღწევლობა მოულოდნელი არ ყოფილა ექსპერტ კოტე ჩოკორაისთვის. ის „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თომას მარკეტმა კონსენსუსის მიღწევაში ხელისუფლებას საკუთარ როლზე კიდევ ერთხელ მიანიშნა.
„მოსალოდნელი იყო ეს შედეგი თავიდანვე, როცა კონსენსუსზე დაიწყო საუბარი. ცხადი იყო მაშინაც, როცა ხელისუფლებამ ორი მოსმენით მიიღო პროექტი და ამის შემდგომ, ალბათ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და „ვენეციის კომისიისთვის“ თვალის ასახვევად დაიწყო საუბარი ე.წ. კონსენსუსზე. ოპოზიციის მხრიდან იყო შეთავაზებული წერილობით საკუთარი პოზიციები და ამის მერე იყო, ჩემი აზრით, ალბათ, გაუმართლებელი პასუხი ხელისუფლებისა, რომ ისინი ყველაფერში ადანაშაულებენ ოპოზიციას, რომ ვერ შედგა კონსენსუსი, რომელსაც ადასტურებს „ვენეციის კომისიის“ განცხადება, რომელიც ვნახე, რომ არასდროს ერთი მხარე არ არის დამნაშავე (რედ: ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არ ჰგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე უნდა გამოვიყვანოთ დამნაშავედ). ცოტა დიპლომატიური განცხადებაა და, ალბათ, მასში ყველა იგულისხმებოდა. თუმცა, მთავარი აქცენტი, ალბათ, ხელისუფლებაზე მოდიოდა იმიტომ, რომ მას აქვს პროცესის წაყვანის შესაძლებლობა და მასზეა დამოკიდებული, საბოლოო ჯამში კონსენსუსი შედგება თუ არა. რეალობამ აჩვენა, რომ სინამდვილეში არანაირი კონსენსუსის მიღწევის სურვილი არ ჰქონია,“ – აღნიშნავს კოტე ჩოკორაია.
ხარვეზები და შესაძლო საფრთხეები კონსტიტუციაში
ექსპერტი კოტე ჩოკორაია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომელიც, პირველ რიგში, დაუბალანსებელ სისტემას ეხება.
„კერძოდ იქ, სადაც არ არსებობს ორპალატიანი პარლამენტი და რთული ტერიტორიული მოწყობის მოდელი, არ შეიძლება, პრეზიდენტი აირჩეს არაპირდაპირი წესით. მეორე და მთავარი, – ეს არის არსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია. აქ რიგი საკითხებია, ეს იქნება მანდატების განაწილების პრინციპი, მთავრობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული დეტალები. ამაზე მუდმივად იარსებებს განსხვავებული აზრები. ვიღაც თვლის, რომ საპარლამენტო მმართველობაა უკეთესი, ვიღაც შერეულ მმართველობას ემხრობა, მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, რომ იქ, სადაც არსებობს განსხვავებული აზრი, არ შეიძლება, მხოლოდ ერთი პარტიის ნება-სურვილით ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება,“ – აცხადებს ჩოკორაია.
ამასთან, ექსპერტი მიუთითებს, რომ კონსტიტუციის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიღება სწორედ კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„როცა ერთი პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ეს არ არის კონსტიტუციური. უმრავლესობა მიიღებს და ძალაში შევა, გასაგებია, მაგრამ ეს, მთელი საკონსტიტუციო პროცესი, კონსენსუსის არარსებობა ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციურ პრინციპებთან, ეს მთავარი პრობლემაა ამ პროექტის.
„ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც და ეს გამოჩნდა ვენეციის კომისიის განცხადებაშიც. ჩვენი იმიჯისთვის ეს დამაზარალებელია. ეს ემართებათ ხოლმე ხელისუფლებებს საქართველოში. ამ პროცესს შევადარებდი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკურსს, სადაც ძალიან მძიმე მარცხი განიცადეს და სამწუხარო და სასაცილო შედეგი მივიღეთ,“ – აცხადებს ჩოკორაია.
ექსპერტი არცთუ ისე ძლიერი ოპოზიციის გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით რაიმე რყევებს არ ელოდება.
„რაც შეეხება ქვეყნის შიგნით რყევებს, რეალობა ასეთია, რომ ამის შანსი ნაკლებია, ოპოზიციური სპექტრი ძალიან ძლიერი არ არის, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომაც იდგმება ეს ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომ იყოს ამის რისკები, რომ მაგალითად, არჩევნების შედეგებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ამან, ალბათ, ასეთ თამამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება არ მიიღებდა. ასეთი გადაწყვეტილებები ყოველთვის მიიღება მაშინ, როცა ასეთი ტიპის კონცენტრირებული ძალაუფლება არსებობს.
„რაც შეეხება არჩევნებზე გავლენას, 2020 წლის არჩევნებზე იქონიებს შემდეგ ზეგავლენას, რომ პარლამენტში ძალაუფლება ექნება იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც არ ექნება მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილით, უმცირესობის მხარდაჭერით ხელისუფლება შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან, რასაც ხალხის მმართველობა ჰქვია. ეს მანიპულირებადი სისტემა 30-35%-ით მხარდაჭერილ პარტიას აძლევს შესაძლებლობას, უმრავლესობა ჰქონდეს,“ – აცხადებს ჩოკორაია.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი „ფორტუნასთან“ მიუთითებს, რომ კონსტიტუციის პროექტის არათუ რამდენიმე მუხლი, არამედ მთლიანად პროექტი გამოსაცვლელია.
„კონსტიტუციის (პროექტის) ძირითადი მუხლები არ არის შესაბამისობაში და არ ესადაგება პოლიტიკურ სტრატეგიებს. კონკრეტულად აქ იკვეთება სამი მნიშვნელოვანი რამ: პირველი, რასაც ოპოზიცია ფიქრობს, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, შენარჩუნებული იყოს საარჩევნო ბლოკები, დაიწიოს ბარიერმა, პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდეს პირდაპირი წესით, ეს ის თემებია, რომელზეც არის აზრთა სხვადასხვაობა. მე თუ მკითხავთ, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, კონსტიტუცია ისევ თავიდან იქნება მისაღები, თუ მოვა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის აშენებაზე იფიქრებს და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე.
„საარჩევნო კოდექსი არის ის, რაზეც დღეს არის კამათი, თუმცა, მე თუ მკითხავთ, მუხლები კი არა, მთლიანად არსი არის შესაცვლელი. მთლიანად კონსტიტუციას ვგულისხმობ. კონსტიტუცია ერთიანი ორგანიზმია და თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამართული. არის საკითხები, იგივე, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ბიუროკრატიის ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემა, მთლიანად გადასახედია. ეს არაა კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა ეწყობა, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი იქნება. ეს ძალიან მოკლე ხანში ცხადი გახდება.
„კონსტიტუცია ჰქონდა საბჭოთა კავშირსაც. რას დაარქმევ, იმას არა აქვს მნიშვნელობა, მასში რა არის, იმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, როცა „ვენეციის კომისია“ ლაპარაკობს, ის მართლა კონსტიტუციას გულისხმობს, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი იქნება,“ – აცხადებს ძაბირაძე.
რას ფიქრობენ ოპოზიციაში
საკონსტიტუციო პროცესის დაწყებიდან დღემდე ოპოზიცია ხელისუფლების ნებას კონსენსუსის მიღწევისთვის ნაკლებად ხედავს. ფორტუნასთან „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო პროცესი ხელისუფლებამ სწორედ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წამოიწყო.
„თავის დროზე, როცა ეს პროცესი დაიწყო, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ვთქვით და მგონი, ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ ხელისუფლებას კონსტიტუცია თავის თავზე მოერგო. არავის ჰქონია იმის ილუზია, ეს კეთდება იმიტომ, რომ მართლა სერიოზული ხარვეზებია და ეს არის გასასწორებელი, მიზანი იყო ერთი, დიადი, ნათელი, რომ ხელისუფლებას შეექმნა ლეგიტიმური ბერკეტები კონსტიტუციის თავის თავზე მორგების სახით. ეს პირველი ხელისუფლება არ არის, ვინც ამას აკეთებს, ეს ჩვენი სახელოვანი ტრადიციაა – კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება.
„საერთაშორისო იმიჯზე ეს რომ ცუდად იმოქმედებს, რათ უნდა ბევრი ლაპარაკი. კარგად ჩანს, რომ აბსოლუტური იგნორირება მოხდა საერთაშორისო და ქართული საზოგადოების ქვეყნის შიგნით. ეს არის ძალიან ცუდი ტონი, რაც შეიძლება ძალიან მძიმედ მოუბრუნდეს ხელისუფლებას,“ – აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
მსგავსი მოსაზრება აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. როგორც თინათინ ბოკუჩავა „ფორტუნასთან“ აცხადებს, ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს და საკონსტიტუციო პროექტში რეალურად რაიმეს შეცვლას არასდროს გეგმავდა.
„დიდი ხანია, ისინი სხვადასხვა რამეს ამბობენ. როგორც ჩანს, ვერ იყვნენ ბოლომდე შეჯერებული, თუ რა ფორმით გაემართლებინათ თავიანთი არასწორი საქციელი, მაგრამ ახლა ნათლად გამოჩნდა, რომ მათ საერთოდ იგნორირება გაუკეთეს საერთაშორისო აზრს, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. ამავდროულად, ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ძალებს და კონსენსუსის მნიშვნელობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ხელისუფლებისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი აქტორი ბიძინა ივანიშვილია. “ვენეციის კომისია”, საერთაშორისო ორგანიზაციები მათთვის მეორე და მეათე ხარისხოვანია, ასევეა ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის აზრი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობის აზრი.
“ისინი ცდილობენ, რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ ყველაფერი და ეს “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მიღებული პრაქტიკაა, რომ ლარის კურსით დაწყებულს და მგონი, უამინდობით დამთავრებულს, ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობას“ აბრალებენ. ფაქტი სახეზეა, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა ერთობლივი წერილით მივმართეთ რამდენჯერმე ხელისუფლებას და, როცა მათ დაინახეს, რომ ვერ შეგვითრიეს თავიანთ ტყუილებში და თამაშებში, უკვე ღიად მოუწიათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ თავიდანვე აპრიორი არ აინტერესებდათ დიალოგი, ეს იყო თამაში და ილუზია, რომელიც მანამ ითამაშეს, სანამ შეეძლოთ. ახლა ნათელი გახდა ის, რაც თავიდანვე იყო რეალობა – ხელისუფლებას არ სურდა კონსენსუსი, დიალოგი,“ -აცხადებს თინა ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავა მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ამით ვა ბანკზე წავიდა.
„ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები, ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ძალიან დიდი გულისყურით ვისმენდეთ, ამის ნაცვლად „ქართული ოცნება“ უკვე მეორედ ღიად ატყუებს „ვენეციის კომისიას“, საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და ყველას, ვინც საკონსტიტუციო პროცესში იყო ჩართული,“ – აცხადებს ბოკუჩავა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის, გიორგი ტუღუშის, თქმით, ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შეჰყავს ჩიხში.
“ის პრინციპული საკითხები, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, რომ გახსნილიყო და შესაძლებელი ყოფილიყო პრინციპული საკითხების გადახედვა, რა თქმა უნდა, ეს არ ისურვა უმრავლესობამ. როგორც ჩანს, მათი მიზანი არის ის პროექტი, რომელიც ორი მოსმენით არის მიღებული და, რომელსაც არავინ არ ეთანხმება, უმრავლესობის გარდა, გაიტანონ და კიდევ უფრო მეტ ჩიხში შეიყვანონ ქვეყანა,“ – აღნიშნა ტუღუშმა.
პარლამენტს კონსტიტუციის მიღების პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა პრეზიდენტმაც.
ასევე განცხადება გააკეთა „ვენეციის კომისიის“ პრეზიდენტის მხრიდანაც.
„ჩვენ მოკლე ვადაში საქართველოს ხელისუფლებისგან კონსტიტუციის პროექტის მიღებას მოველით და ერთ თვეში ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამთ ამასთან დაკავშირებით (6-7 ოქტომბერს პლენარული სესიის ფარგლებში). იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ამ მოსაზრების თანახმად და ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით,“ – ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.
თაკო ივანიაძე