თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე “ქართული ოცნების” გარდა, თანხმობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა.
როგორც სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მმართველი პარტია თავს იკავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისგან, რადგან მათ “ზემოდან აქვთ მითითება“.
„10 სამუშაო დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტის ყველა დეპუტატს წერილით მივმართე. ათი დღის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მზაობა გამოთქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ,” “ევროპულმა საქართველომ” „პატრიოტთა ალიანსმა” და მამუკა ჩიქოვანმა. მმართველი პარტია დუმს. როგორც ჩანს, ზემოდან ელოდებიან მითითებას. მივმართავ დეპუტატებს, გამოიჩინონ გულისხმიერება და შეიქმნას საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტიც, სასამართლოც და მთლიანად ხელისუფლება ებრძვის მას.