მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის ბრიფინგზე განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, ის როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას.
მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერ სითის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
მანამდე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა და პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს არის დანიშნული.
დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს წარადგინა, ის 85 ხმით დაამტკიცეს.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.