იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით 74 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 400%-ით აჭარბებს. ყველაზე დიდი რაოდენობით, $69.3 მილიონი ოდენობის ელექტროენერგია საქართველოსგან თურქეთმა იყიდა. უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორისაა სომხეთი, $4 მილიონით და აზერბაიჯანი, $569 700-ის ელექტროენერგიით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგია, საქართველოს მთლიან ექსპორტში 2.1%-იანი წილით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში საქართველომ, ამ მიმართულებით, $34.7 მილიონი დახარჯა. აგვისტოში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.
რა მდგომარეობაა ბაზარზე და რა ნაბიჯები იგეგმება ექსპორტის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად? – სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გიორგი კეპულაძესთან ერთად საუბრობს.
– ძალიან კარგია, რომ ექსპორტი გაიზარდა, შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად. 2021 რთული წელი იყო ეკონომიკურად და ელექტროენერგიის ბაზარი ეკონომიკის ნაწილია. თქვენი შეფასებით, მაინც რამ გამოიწვია ექსპორტის ასეთი ზრდა?
ექსპორტის ზრდა ძირითადად 2-მა ფაქტორმა განაპირობა. 1 – არის ჩვენი უმსხვილესი ენერგოობიექტის რეკონსტრუქცია. „ენგურჰესს“ ვგულისხმობ, რომლის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შემდეგ მისი გამომუშავება გაიზარდა.
რამდენიმე თვის განმავლობაში გაჩერებული იყო ენგურჰესი და კაპიტალური რემონტი გაკეთდა მის გვირაბში, აქედან გამომდინარე დანაკარგები, რაც არსებობდა მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და შესაბამისად უფრო მეტი ენერგიის გამომუშავება შეძლო.
მეორე ფაქტორი იყო გარემო ფაქტორი კერძოდ, უხვი ნალექები 2022 ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში, რამაც საშუალება მისცა ენგურჰესს, რომ მეტი წყალი მიეღო რეზერვუარში და შესაბამისად, მეტი ენერგია გამოემუშავებინა.
ამას დაემატა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან განხორციელებული მხარდაჭერა ექსპორტს და ექსპორტიორ კომპანიებს. აქედან გამომდინარე, წლევანდელი წელი მართლაც განსხვავებული იყო ყველა სხვა წლისგან, როცა ქვეყანაში წყალი არ დაღვრილა და სრულად იქნა გატანილი ჭარბი ელექტროენერგია ექსპორტზე.
– ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა და ბმაშია ჩვენს ელექტროდამოუკიდებლობასთან, რადგან ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ მიმართულებით, რამდენად დაეხმარება ექსპორტის ზრდა და რა ნაბიჯები იდგმება, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველომ ერთგვარი დამოუკიდებლობა მოიპოვოს და არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე.
იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ჩვენ მაღალი მოხმარების მქონე თვეებში ენერგიის დეფიციტი გვაქვს ხოლმე. როდესაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდია და ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ასეთ პერიოდში ჩვენი ჰიდროგენერაცია ბუნებრივად ამცირებს გამომუშავებას, რადგან წყალი არ არის ამდენი. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში, გვექმნება დეფიციტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტი აშენდეს. მხოლოდ მცირე ობიექტები ამინდს ვერ ქმნის. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5, 6 და 7 ახალი ობიექტი შეემატა, მაგრამ ჯამში დადგმული სიმძლავრე, 15 მეგავატი სიმძლავრე შეემატა 2020 წელს, 15,5 მეგავატი 2021 წელს და ეს არასაკმარისია. საჭიროა განახლებადი ენერგიის დამატებითი წყაროები შეიქმნას და აუცილებლად გვჭირდება მსხვილი ობიექტი.
წარმოიდგინეთ, რომ არ გვქონდეს „ენგურჰესი“, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ობიექტია ჩვენს ჰიდროგენერაციაში. ასევე რომ არ გვქონდეს ენგურის შემდგომ რამდენიმე მსხვილი ობიექტი, მხოლოდ მცირე ობიექტების ხარჯზე ქვეყანა ფონს ვერ გავა, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი საშუალო და დიდი ადგილობრივი გენერაციის წყარო შეიქმნას, რომ უფრო მეტად ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები და მეტი ენერგიის გატანა შევძლოთ იმ თვეებში, როცა სიჭარბე იქნება ჩვენს სისტემაში და ამით შემოვიტანოთ ქვეყანაში უცხოური ვალუტა, რომელიც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
– დიახ. მსხვილ ობიექტებთან დაკავშირებით, წინა წლები არ იყო სახარბიელო, იგივე ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნამ თუ დროებით გაჩერებამ, სამწუხაროდ არ შექმნა კარგი საინვესტიციო კლიმატი ამ სფეროში. მიუხედავად ძალისხმევისა, პროექტი დროებით გაჩერებულია. ასეთი მაგალითები ალბათ არ არის კარგი საინვესტიციო თვალსაზრისით. თუ არის დაგეგმილი ერთობლივი მუშაობა სემეკ-ის, ეკონომიკის სამინისტროს და კერძო ინვესტორების, რომ მსხვილი პროექტების აშენება პირდაპირ არ ასოცირდებოდეს ეკოლოგიურ კატასტროფასთან და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება მსხვილი გენერაციის ობიექტების მშენებლობის მიმართულებით?
მნიშვნელოვანია, რომ ნამახვანჰესზე მუშაობა გაგრძელდეს, თუ ინვესტორი გავიდა, ეს კარგი არ არის სხვა ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, რომ ამით ეს პროცესი არ უნდა დასრულდეს და სხვა ინვესტორებს უნდა დავანახოთ, რომ დიალოგით შესაძლებელია, დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების თანხვედრა, ერთმანეთთან დაახლოება მოხდეს და ობიექტი აშენდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა გაგრძელდება. შესაძლოა სხვა ფორმატით, სხვა პირობებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას თავის დროზე ექსპლუატაციაში შევა.
რაც შეეხება, მარეგულირებელი კომისიის როლს, მარეგულირებლის როლი ცოტა მოგვიანებით შემოდის ხოლმე, რადგან მთავრობა ესაუბრება ინვესტორებს და მარეგულირებელი ერთვება შემდეგ, რაც ექსპლუატაციაში შევა, მასზე უნდა გასცეს ლიცენზია და ბაზრის მოთამაშეზე განახორციელოს შემდგომ მონიტორინგი. ჩვენ აქამდე პროცესებში ჩართული არ ვიყავით ხოლმე ჩვენი როლიდან და მანდატიდან გამომდინარე, რომელიც კანონმდებლობიდან გამომდინარე გაგვაჩნია.
– თქვენ ახსენეთ ალტერნატიული ენერგიის წყაროები, მაგ: ქარის, მზის ენერგია. ამ მიმართულებით, რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ალბათ უკეთეს ტემპს ვისურვებდით და ამ პროცესში ალბათ თავის როლს შეასრულებს ე.წ. ნეტო აღრიცხვიანობის სისტემა. რა სიახლეები გვაქვს ამ მიმართულებით?
ნეტო აღრიცხვიანობის და იგივე ვთქვათ მზის მცირე სადგურების ქსელში ჩართვაზე მარეგულირებელი კომისია ძალიან აქტიურად მუშაობს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარ ფუნქცია განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის ნაწილში.
ჩვენ თავის დროზე დადგმული სიმძლავრე 100-დან 500 კილოვატამდე გავზარდეთ ერთ ობიექტზე, პლუს ჩვენი გადაწყვეტილებით მზის სადგურის პანელები ერთ ტერიტორიაზე დამონტაჟდეს და ენერგია მიიღოს აბონენტმა სხვა ტერიტორიაზე.
მნიშვნელოვანის ის, რომ ჩვენ ამხანაგობის თემა შემოვიღეთ მარეგულირებელ წესებში. კერძოდ, არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ კორპუსში ამხანაგობას შეუძლია ერთობლივად დაამონტაჟონ მზის პანელები, ასევე სამეზობლოს შეუძლია შეამხანაგდეს და ერთობლივად გააკეთონ და გაიყონ წარმოებული ენერგია, შემოვიღეთ ასევე გაქვითვის მექანიზმები და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება სულ უფრო მეტი აბონენტი ჩართულიყო ნეტო აღრიცხვის სისტემაში.
თუ 2016-2020 წლებში სულ 3,5 მეგავატი იყო ჯამში დადგმული სიმძლავრე, დღეის მდგომარეობით 30 მეგავატამდეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 წელი იყო პანდემია, თითქმის 25 მეგავატი შეემატა 2 წლის განმავლობაში.
მარეგულირებელი კომისია კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას ამ საკითხებზე.