LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდერნიზებული ბიბლიოთეკები – თბილისის მერიის ახალი პროექტი და თანამშრომლების შიშები

255

ბიბლიოთეკები –  ადგილი, სადაც მეხსიერება, წაკითხულ ლიტერატურასთან ერთად, სტუდენტურ ისტორიებს და  წიგნის სპეციფიურ სუნს ინახავს, დროისა და თანამედროვეობის გათვალისწინებით, ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

90-იანებგამოვლილი თბილისის ბიბლიოთეკებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ახალი წიგნების სიმცირეც აწუხებს. არაკომფორტული  სამკითხველო დარბაზები, ძველი  საძიებო სისტემა და ნესტი  21-ე საუკუნის თბილისის ბიბლიოთეკების საერთო პრობლემაა.

სწორედ ახალი გამოწვევების გამო, თბილისის მერიამ ქალაქის  ყველა ბიბლიოთეკის მოდერნიზება დაიწყო.

„მოდერნიზებული ბიბლიოთეკა, ახალი სივრცეები, ქალაქის საიმიჯო სახე უნდა გახდეს. ქალაქის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. არის წიგნადი ფონდების და წიგნის შენახვის პრობლემები. ბევრ წიგნს სოკო აქვს გაჩენილი, არსებული ინფრასტრუქტურის გამო. წიგნადი ფონდი მაქსიმალურდ უნდა შეივსოს; კლიმატი, რაც წიგნს სჭირდება, გვქონდეს და სერვისებზე ორიენტირებული გავხდეთ. 21-ე საუკუნეა და გვაქვს ახალი ტიპის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ,” – განაცხადა მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ.

ინტერნეტის,  ელექტრონული წინგების და „ქინდლის“ ეპოქაში  ნაბეჭდ ლიტერატურას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, რაც, პირველ რიგში, ბიბლიოთეკებმა იგრძნეს.

მკითხველის შემცირებას და მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს  ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც აღიარებენ, თუმცა, მერიასთან სხვა რიგის პრეტენზიები აქვთ.

რეფორმის პროცესში შესაძლოა, რამდენიმე ბიბლიოთეკა დაიხუროს ან გაერთიანდეს.  როგორც მერიაში განმარტეს, ბიბლიოთეკების რაოდენობის განსაზღვრა კვლევის შედეგზეა დამოკიდებული. კვლევა თბილისის 10-ვე რაიონში დაიწყება, შესწავლილი იქნება, როგორც ბიბლიოთეკების მდგომარეობა, ასვე მოსახლეობის საჭიროებებიც.

როგორც “ფორტუნას” სოფიო ხუნწარიამ განუცხადა, ბიბლიოთეკებთან დაკავშირებული კვლევის საბოლოო შედეგი, დაახლოებით, სამ თვეში გახდება ცნობილი.

რეფორმის მეორე კომპონენტი  ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ეხება. მერია სპეციალიზაციაში გადამზადების შემდეგ თანმამშრომელთა ტესტირებას გეგმავს.

“ფორტუნასთან” საუბარში ბიბლიოთეკის თანამშრომლები შიშობენ, რომ  თუ ბიბლიოთეკარის სპეციალობისგან განსხავრვბული საკითხები იქნება გამოტანილი ტესტირებაზე,  შესაძლოა, გამოცდილი კადრები  სამსახურის გარეშე დარჩნენ. 

ბიბლიოთეკის თანამშრომლების მოლოდინები უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მერიაში.

“ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ბიბლიოთეკების შემცირების შემთხვევაში, სხვა ფილიალებში გადანაწილდებიან,” – განაცხადა დღეს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილემ.

“ბიბლიოთეკის თანამშრომლები იმ საკითხებში, რაც ისედაც უნდა იცოდნენ, თვენახევრის განმავლობაში გადამზადდებიან. საკითხებია: საბიბლიოთეკო სტანდარტები, კანონი ბიბლიოთეკარების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გავლენ ტესტირებაზე.  ვინც ბარიერს გადალახავს,  თითოეული ადამიანი  იქნება შენარჩუნებული. ხანშიშესული თანამშრომლებისთვის, რომლებიც წლებია, მუშაობენ და გადაფარებული იყვნენ წიგნებს, “საპატიო წიგნის მცველის” პოზიცია შეიქმნება და მათი კადრებიც შენარჩუნდება. მოხდება ხელფასების მატებაც,” – აცხადებს სოფო ხუნწარია.

ქალაქისთვის ახალი კულტურული სივრცეების შექმნა, ყველა ასაკის მომხმარებელზე ორიენტირება და შესაბამისად მკითხველის რაოდენობის ზრდა- ასეთია რეფორმის საბოლოო მიზანი.

 

ევროპის 5 ცნობილი ბიბლიოთეკა

ტექნოლოგიური სიახლეების მიუხედავად,  ბიბლიოთეკების განვითარება და ნაბეჭდი წიგნების პოპულარიზაცია ევროპული სახელმწიფოებში კვლავ პრიორიტეტად რჩება. თბილისის ბიბლიოთეკებისგან განსხვავებით, ევროპის ცნობილი ბიბლიოთეკები მკითხველისთვის ნამდვილ სამოთხეს წარმოადგენს.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g