მსოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე ახალი კონტურები იკვეთება. დიდი ცვლილებები მოსალოდნელი ცხადია არ არის, რადგან რუსეთი და დასავლეთი დარჩებიან მინიმუმ ცივი ომის პირობებში, მაგრამ ორ დაპირისპირებულ მხარეს ერთი საკითხი კარგა ხანია მოსაგვარებელი აქვს – ომი უკრაინაში.
ომი უკრაინაში მხოლოდ საომარი მოქმედებები არ არის. ეს გავლენების, საკუთარი ძალის დემონსტრირების, გნებავთ იმიჯის ერთგვარი ინდიკატორია და ამიტომ დათმობით ვერცერთი მხარე აშკარად ვერ დათმობს: ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს.
შეძლებენ თუ ვერა რუსეთი და აშშ მოლაპარაკებას, რა პოზიცია და ჩართულობა ექნება ევროპას და როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები?
ახლა ამაზე ზუსტი პასუხი ბუნებრივია ვერავის ექნება, თუმცა ექსპერტებისა და ანალიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევის შანსები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მეხუთედ ეწვია რუსეთს. ამბობენ, რომ ამ შეხვედრის შედეგი განსაზღვრავს შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ – ტრამპი ადრე რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის იმპორტის ტარიფების დაწესებით დაიმუქრა, თუ საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდებოდა.
საერთო ჯამში, უიტკოფის თითქმის სამსაათიანი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან დადებითად შეფასდა. რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა „პროგრესსა და პოზიტიურ ტენდეციებზე“ ისაუბრა, ტრამპმა კი მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა, თუმცა გარღვევად არ მიიჩნია. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპი „ღიაა შეხვედრისთვის“ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მეტიც, CNN-ის წყაროს ცნობით, ტრამპის თანაშემწეებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ამ შეხვედრების დაგეგმვა.
„ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. შეხვედრის შემდეგ განახლებული ინფორმაცია გავაცანი ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველად არსებობს კონკრეტიკა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოითხოვოს რუსეთმა ომის დასასრულებლად. მან დეტალები არ მოგვაწოდა, თუმცა თქვა, რომ ტერიტორიული საკითხები ომის დასრულების გადამწყვეტი ფაქტორი იქნებოდა.

ტერიტორიები: ისევ ისე როგორც ყველგან?
განმეორდება ნაცნობი სურათი?
არაერთი მაგალითი ვიცით (მათ შორის საქართველოშიც), რომ მიტაცებული ტერიტორიები დე-ფაქტო ვეღარ არის იმ ქვეყნების, ვისაც ეკუთვნის, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობა მათ არც დამოუკიდებლად აღიარებს და მით უმეტეს არც ოკუპანტი ქვეყნის ნაწილად.
ექსპერტების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც იგივე მოხდება.
პოლონური მედია იმ წინადადებებს აქვეყნებს, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ომის დასასრულებლად წარუდგენს.
„ონეტის“ ცნობით, მოსკოვი საკმაოდ ხელსაყრელ წინადადებებს მიიღებს. წყაროს ცნობით, ეს შეთავაზება შეთანხმებულია ევროპელ ლიდერებთანაც.
აი რაზეა საუბარი: უკრაინაში დროებითი ზავი და არა მშვიდობა; რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების საკითხის 49 ან 99 წლით გადადება;
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების უმეტესობის გაუქმება და გრძელვადიან პერიოდში მოსკოვთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის აღდგენა.
ამასთან, წინადადებების პაკეტი არ მოიცავს გარანტიებს, რომ ნატო მომავალში არ გაფართოვდება, რაც მოსკოვისთვის წითელი ხაზი და ამოსავალი წერტილია. რუსეთს არც იმას დაპირდებიან, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შეწყდება.
ტერიტორიების საკითხზე „ბლუმბერგიც“ წერს.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შესაძლოა დაიწყოს მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკელებისგან საკმაოდ მისაღები წინადადება მიიღო.

წავა თუ არა რუსეთი დათმობაზე?
პუტინსა და უიტკოფს შორის შეხვედრის შემდეგ, იური უშაკოვმა, განაცხადა, რომ რუსული მხრიდან „გარკვეული სიგნალები გადაეცა“ და „შესაბამისი სიგნალები პრეზიდენტ ტრამპისგანაც მიიღეს“.
ჟურნალისტის კითხვაზე, წამოვიდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სტივ უიტკოფთან შეხვედრისას ისეთ დათმობაზე, რისთვისაც აქამდე მზად არ იყო, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამ შეხვედრას გარღვევას ვერ უწოდებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ პირველად აქვთ კონკრეტული მაგალითები რა სახის მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ომის დასასრულებლად.
ამის შესახებ რუბიომ Fox news-ის ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, რაც გვაქვს არის ის, რომ უკეთ გვესმის თუ რა პირობებით დაასრულებს რუსეთი ომს. ახლა უნდა შევადაროთ ეს იმას, რასაც უკრაინელები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მზად იქნებიან, რომ დათანხმდნენ. თუ შეგვიძლია იმის მიღება, რასაც უკრაინელები და რუსები დათანხმდებიან, მაშინ ვფიქრობ, არის შესაძლებლობა პრეზიდენტი შეხვდეს როგორც პუტინს, ისე ზელენსკის, რათა სცადოს ამის დასრულება“, – თქვა რუბიომ.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ანალიტიკოსმა ლარი ჯონსონმა დენიელ დევისის (აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი) YouTube არხზე ისაუბრა.
„რუსეთი არ ცდილობს შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციის პროვოცირებას. ისინი სიმშვიდესა და თავაზიანობას ინარჩუნებენ. შეხვედრის დროს პუტინმა, ალბათ, აუხსნა უიტკოფს, თუ როგორ არის საქმე. მან, ალბათ, კიდევ ერთხელ თავაზიანად შეახსენა, რომ რუსეთს შეერთებული შტატებისგან სერიოზული ნაბიჯების დანახვა სჭირდება, რადგან სწორედ პუტინია უკრაინაში კონფლიქტის საჭესთან, იმ განცხადებების მიუხედავად, რომ რუსეთი პრობლემებს განიცდის“, – თქვა მან.

ვინ მოიგო ომი: რუსეთი ამაზე მეტს ვეღარ მიაღწევს
„ფორტუნა“ პოლიტოლოგს, ექსპერტს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორია:
შედეგის მიღწევა ამჯერად უფრო რეალურია. რუსეთმა ამოწურა შესაძლებლობები. სხვას, ამაზე მეტს რუსეთი ვეღარ მიაღწევს უკრაინაში. ამიტომ შესაძლებელია პუტინმა გასცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება.
ნიშნავს თუ არა ეს ომის დასასრულს? არ არის გამორიცხული გარკვეული ხნის შემდეგ რუსეთმა დაიწყოს ახალი პროვოკაციები. სხვათა შორის, ასეთ დროს მნიშვნელობა ექნება ჩინეთის პოზიციას.
ამავდროულად აუცილებელია გაგრძელდეს უკრაინის მომარაგება, სასურველია ნატოს კონტიგენტის შეყვანაც. რუსეთს გამოსავალი აღარ აქვს და ამის გამო შესაძლოა დათანხმდეს.
დათმობს პუტინი?
არ დათმობს ტერიტორიებს. დარჩება აღიარების გარეშე. რუსეთი იქნება დე-ფაქტო მმართველი. წარმოუდგენელია სამხედრო დამარცხების გარეშე დათმოს უკვე მიტაცებული ტერიტორიები. გარიგება არ მოხდება ტერიტორიებზე. ცეცხლის შეწყვეტა მოხდება იქ, სადაც ფრონტის ხაზი გადის. ევროპას დრო უნდა მიეცეს გაძლიერდეს. ამ ეტაპზე მას არ გააჩნია მოგერიების შესაძლებლობა თუნდაც ბალტიისპირეთში, იგივე პოლონეთში.
რუსეთი თუ არ დაიშალა, დროთა განმავლობაში სხვა მიმართულებით დაიწყებს აგრესიას, თუნდაც შუა აზიაში. ჩინეთი და თურქეთი კი გაუძალიანდებიან, მაგრამ მისი აგრესიული მიზნები არ დაცხრება.
თუ ასე მოხდა, როგორც ამბობთ, რა უნდა ითქვას – ვინ მოიგო ომი?
პუტინი იტყვის მე მოვიგეო. გავიხსენოთ 1939-1940 წლების რუსეთ-ფინეთის ომი, სადაც ფინეთმა გაიმარჯვა, არადა ტერიტორიების 20% დაკარგა. გააჩნია ვინ რას მიიჩნევს გამარჯვებად? მაშინ ფინეთისთვის მთავარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება იყო და ეს მოახერხა. იგივე სიტუაციაა უკრაინასთან მიმართებაში. რუსეთს სჭირდებოდა უკრაინის დამორჩილება, იმპერიის შენარჩუნების კონტექსტში. ამიტომ ეს ვერ ჩაითვლება რუსეთის წარმატებად.
ცეცხლის შეწყვეტის პირობებში, ყოველდღიურობაში, მოხდება რუსების ინტეგრირება საერთაშორისო სამყაროში – კულტურა, სპორტი, საიდანაც ამჟამად მოკვეთილები არიან, თუნდაც რუსეთის ფეხბურთის გუნდებს დაუშვებენ ევროპულ ტურნირებზე?
არა არის გამორიცხული შერბილდეს, შეიცვალოს მიდგომა, მაგრამ რუსეთი დარჩება ოკუპანტად. ზუსტად როგორ ვითარება შეიქმნება, რთული სათქმელია. ეს დამოკიდებული იქნება შემდგომ დიპლომატიაზე. მოდელი უნდა შემუშავდეს, თანაცხოვრების წესი, მოდუს ვივენდი (პირობები, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის დროებით მაინც იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას – ავტ).
თუ შეთანხმება შედგა, რა მოხდება საქართველოს შემთხვევაში, ან ზოგადად კავკასიაზე. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთგვარად გაიცვალოს ჩვენზე შეთანხმება და დასავლეთი ნაკლებად ჩაერიოს რუსეთის კავკასიურ ინტერესებში?
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ევროპა ზურგს არ აქცევს. ტრამპის ამერიკამ კიდევ შეიძლება უთხრას, თქვენი საქმის თქვენ იცით, ოღონდ ომი არ დაიწყოო. რუსეთმა შესაძლოა ე.წ. რბილი ძალა გამოიყენოს.
აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ კი რუსეთი დამთავრებულია. აზერბაიჯანს თურქეთი ჰყავს დამცველად. საქართველომ ზურგი აქცია დასავლეთს, გაცივდა ურთიერთობები და შედარებით მარტივა ლუკმაა რუსეთისთვის.
სომხეთის დაცვა მოინდომა თურქეთმა. ადრე დაჩაგვრას ცდილობდა, მაგრამ ახლა პირიქითაა, თურქეთს ძალიან სჭირდება ზანგეზურის დერეფანი.
საქართველოს შეეძლო სწრაფი ნაბიჯებით ეარა, ახლა კი საუბარია დაცულობის ხარისხზე. რუსეთზე რამდენად უფრო მეტად მოინდომებს ევროპა. თორემ რაც გინდა ის ქენი და საქართველო წაიღეო, ასე არ მოხდება. ახლა საკითხი ევროპის მხრიდან დაცულობის ხარისხზეა. მეტად ლოიალურები რომ ვიყოთ ევროპასთან, შეუძლებელი იქნებოდა რუსეთს საქართველო დაეჩაგრა.

ბოლო შანსის ბოლო შანსი: რას წერს პრესა
CNN
„ტრამპის მძაფრი იმედგაცრუება პუტინის მიმართ გაქრა მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენელმა კრემლის ლიდერთან სამსაათიანი შეხვედრა დატოვა. უკრაინა შიშობს, რომ ტრამპი დაუბრუნდება პრორუსულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც დააკმაყოფილებს მოსკოვის მოთხოვნებს, შეინარჩუნოს უკრაინაში დაკავებული მთელი ტერიტორია და სამუდამოდ გამორიცხოს კიევის ნატოს წევრობა“.
Guardian
„პუტინისა და ტრამპის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა სხვა მხარეების გარეშე, სავარაუდოდ, კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შეაშფოთებს. ზელენსკიმ თავი აარიდა ტრამპის კრიტიკას, თუმცა განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს გაივლის“.
Neue Zürcher Zeitung
„უკრაინის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთისთვის წაყენებული ამერიკული ულტიმატუმის ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მხარეები მოულოდნელად დაახლოვდნენ. უიტკოფის მოსკოვში ვიზიტი „ბოლო შანსის შეხვედრად“ მიიჩნეოდა. ტრამპი უარის შემთხვევაში მკაცრი სანქციებით დაიმუქრა. რა შედეგი მოჰყვება ამ მუქარას ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ტრამპის დიალოგის სურვილი იმაზე მიუთითებს, რომ მან შესაძლოა პუტინს კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ მისცეს“.
