“ყველა ჩემს კოლეგას, მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, საკუთარი მაგალითით მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს აცრისკენ.” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, პირადი ქცევით, უჩვენონ საზოგადოებას იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი როლი პანდემიის დამარცხების გზაზე.
ამირან გამყრელიძის ვრცელ მიმართვას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს:
“ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაზიარებას, მაგალითის მიცემას და ერთობლივად დავამარცხებთ 21-ე საუკუნის ამ საშიშ გამოწვევას.” – აცხადებს გამყრელიძე.
ის მიმართავს საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს და მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის:
“მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების ღვაწლი ფასდაუდებელია, რომელთაც ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უწევთ ამ უხილავ და ვერაგ მტერთან ბრძოლა. მინდა თითოეული თქვენგანის წინაშე ქედი მოვიხარო და ყოველ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა გაწეული შრომის, პროფესიული თავდადებისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.” – აღნიშნავს ცენტრის ხელმძღვანელი.
გამყრელიძე ვაქცინის მნშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დღესდღეობით ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა, ვირუსთან ბრძოლაში, არის ვაქცინაცია, რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის არის შესული:
“საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სწორედ სამედიცინო საზოგადოებაა და ამ ვერაგი დაავადების გამო მისი რიგები სამწუხაროდ დატოვა ბევრმა გამორჩეულმა და ღვაწლმოსილმა ჩვენმა კოლეგამ.
მიუხედავად ინფექციის მასშტაბის გარკვეული შემცირებისა, ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე.
დღესდღეობით ეფექტური და მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებული გზა, ამ დაავადებასთან ბრძოლაში, არის ვაქცინაცია, რომელიც ყველა დროის კაცობრიობის მონაპოვარსა და უდიდეს სამედიცინო მიღწევათა შორის არის შესული. იმუნიზაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისგან, რამაც საშუალება მისცა მსოფლიოს მოსახლეობას, აღეკვეთა მრავალი შესაძლო ინფექციური დაავადებების ეპიდაფეთქება.” – აღნიშნავს ის.
ამირენ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინებით მომარაგება გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში, რათა მიაღწიონ აცრილთა მოცვის წლევანდელ სამიზნეს – მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას.
“ამ ეტაპზე მიღებული რაოდენობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ რიგში მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის იმუნიზაციისთვის, რათა მათი აცრით დავიცვათ მათი და დანარჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.” – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში დღეს დაიწყო. პირველი ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო, “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იყო. მან ვაქცინა საჯაროს, პირდაპირ ეთერში გაიკეთა.