ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. ბუცხრიკიძის განმარტებით, ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული.
მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს.
“მე მოგიყვებით იმ ტრანზაქციის შესახებ, რომელიც 2 კვირის განმავლობაში სალაპარაკო თემა გახდა. ეს კომპანია არის ქართული და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2016 წლის 19 აპრილს ყველა წესის დაცვით. ამავე დღეს იუსტიციის სახლის ფილიალში გაიხსნა საბანკო ანგარიში. წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით „თიბისი ბანკს“ იდენტიფიცირებული ჰყავს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები.
რაც შეეხება ტყუილებს სამუშაო საათებთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის ფილიალი გახსნის დღიდან მუშაობს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ტყუილია, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისათვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა. კლიენტმა თანხა ჩარიცხა 2016 წლის 20 აპრილს შვეიცარიიდან. 21 აპრილს ტრანზაქცია დაწყებულია 19:22 საათზე, ხოლო დასრულებულია 19:43 საათზე. კომპანიის დირექტორის მოთხოვნით, შესაბამისი თანხა მოვამზადეთ და ჩვენი თანამშრომლები დაუკავშირდნენ კლიენტს, რომ თანხა მზად იყო გასაცემად. ეს იყო სატელეფონო კავშირის მიზეზი. რეალურად თანხა გაიცა 22 აპრილს 13:01 საათზე
ანუ ანგარიში გახსნილია და მომსახურება გაწეულია პროცედურების სრული დაცვით. სამწუხაროდ, ტყუილს აქვს ადგილი და ინტერპრეტაცია მოხდა სხვანაირად,” – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ის ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს, ხოლო რაც შეეხება ოქუაშვილის განცხადებას, თანხის გატანამდე ლევან ყიფიანსა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს შორის სატელეფონო კავშირის შესახებ, ბუცხრიკიძე აღნიშნულს სიცრუეს უწოდებს.
“მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის მე გავიცანი, როგორც ბიზნესომბუდსმენი. ხოლო ლევან ყიფიანს ვიცნობ, მაგრამ მასთან არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ბატონი ოქუაშვილის ბრალდებას სატელეფონო ზართან დაკავშირებით, მისგან განსხვავებით, მე არასდროს ვაწარმოებ ჩემი ბიზნესშეხვედრების და სატელეფონო საუბრების ჩაწერას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ლევან ყიფიანს შორის,”- განაცხადა მან.
მისივე თქმით, 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ფინანსური მონიროტინგის სამსახური
მისი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის მიერ „თიბისი ბანკში“ მოხდა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა: ანგარიშის გახსნის განაცხადი, ე.წ. “იცნობდე შენს კლიენტს” კითხვარი, ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ორივე დირექტორის მიერ ხელმოწერილი თვითდეკლარაცია, კომპანიის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის დამფუძნებელი კომპანიის გადაწყვეტილება, კომპანიის წესდება, დამფუძნებელი კომპანიის წესდება, დაფუძნებული კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობა, დაფუძნებული კომპანიის სარეგისტრაციი სერთიფიკატი, დამფუძნებელი კომპანიის დირექტორთა კრების ოქმი, დამფუძნებელი კომპანიის აქციათა რეესტრი და მფლობელების სერატიფიკატი, კომპანიის აქციათა ამონაწერი, აქციათა სერთიფიკატი, კომპანიის დირექტორთა, ოფიცერთა და აქციონერთა რეესტრით კერძო რეგისტრატორის მიერ გაცემული სტატუსი სერთიფიკატი და პირადობის მოწმობის ასლები.