LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგვმართეთ და ელექტრომობილების დამტენებს თქვენს საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ: კალაძე

115
FORTUNA.GE- (1)

თბილისში ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი გაგრძელდება და ისინი ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება.

როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, მერია შემდგომში პროექტის რეალიზაციას უზრუნველყოფს.

კახა კალაძის თქმით, თბილისში 30 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა, თუმცა პროგრამის განხორციელებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა:

„ელექტროდამტენების პროგრამა, დაახლოებით, ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანისა და მოხმარების წახალისებას ემსახურებოდა. მოვამზადეთ პროექტი, შევთავაზეთ ბიზნეს სექტორს, ქალაქის მასშტაბით 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟებულიყო. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 30 დამტენი დამონტაჟდა, თუმცა, არსებული პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა შეჩერდა, ამ კომპანიასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა.” – აღნიშნა თბილისის მერმა.

დღესვე, კახა კალაძემ  ვიცე-მერს პროგრამის თავიდან შემუშავება დაავალა, რომლის მიხედვითაც, ელექტროდამტენები ელექტრომობილების მფლობელების საცხოვრებელ სახლებთან განთავსდება:

“მინდა, ირაკლი ხმალაძეს პროგრამის თავიდან შემუშავება დავავალო. მუნიციპალიტეტმა ელექტროდამტენების მონტაჟი მოქალაქეების თხოვნის მიხედვით უნდა უზრუნველყოს. მივმართავ ელექტრომობილების მფლობელებს, მათ უნდა განაცხადონ და თუ შესაძლებელი იქნება, ელექტროდამტენებს თავიანთ საცხოვრებელ სახლებთან განვათავსებთ. ამ მიმართულებით არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახური ჩაერთვება.” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს პროექტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც შესაძლებელი იქნება მისი გაყიდვაც.

magti 5g