საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი. შესაბამის უწყებას გიორგი გახარიამ უმოკლესი ვადა მისცა.
„საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.შეიძლება დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზე სასწრაფოდ უნდა იყოს გაცემული პასუხი. პირადად მეც და ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. შესაბამისად, უახლოეს საათებსა და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“ – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებიდან საათზე ნაკლებ დროში, მცხეთის პოლიციაში, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ორ მთავარ მოწმეს იბარებენ.
ლუკა ბეჯანიშვილი – მთავარი მოწმე, რომლის სახლიდანაც სამართალდამცველებმა სისხლიანი ტანისსამოსი ამოიღეს, უწყებაში დაკითხვაზე ორჯერ უკვე ნამყოფია, ხოლო მეორე მოწმე – ვახტანდ ახვლედიანი პოლიციაში მეოთხედ მიიყვანეს. მოწმეები მცხეთის პოლიციაში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდნენ.
განმეორებითი დაკითხვა მალევე დასრულდა. უწყებიდან გამოსული ლუკა ბეჟანიშვილი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის მისი სახლიდან სისხლიანი პერანგი საიდან გაჩნდა, ხოლო დაზიანება, რომელიც მას კისრის არეში აღენიშნება, ამბობს, რომ ჰერპესია.
“სამჯერ თუ გამიმეორებთ ერთიდაიგივეს გეტყვით? არც ეგ არ ვიცი (მისი სახლიდან ამოღებული სისხლიანი პერანგი), ჰერპესია, თავი დამანებე” – მოწმე ბეჟანიშვილი.
მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავა მისმა დამცველმა ადვოკატმა.