LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხიბვლელობის მიუხედავად, ,,ციფრული ბოტასი” მაინც სარისკო პროექტად მიმაჩნია, ამიტომ არ ღირს უზარმაზარი სესხის აღება მის შესაძენად – რატი ქირია გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

24
rati

გადაცემის ლაივი LIVE

16 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კანადური ფონდის ტრეიდერი, საინვესტიციო ანალიტიკოსი და ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელი რატი ქირია სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– რატი, როგორია ფინანსური განათლების დონე საქართველოში?

– სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, რადგან სტუდენტები მხოლოდ თეორიულ განათლებას იღებენ. თვითონაც უმაღლეს სასწავლებელში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ვკითხულობ ლექციებს, ამიტომ გული მწყდება, რომ არცერთ სასწავლებელში არ არსებობს პრაქტიკული კურსი, რომელიც სიღრმისეულ ფინანსურ განათლებას მისცემდა ახალგაზრდებს. ძალიან მახარებს, რომ ჩემი სტუდენტები ყოველთვის ინტერესდებიან პრაქტიკული სწავლებით, თუნდაც საფონდო ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობით. ვფიქრობ, უნივერსიტეტებში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პრაქტიკულ განათლებას, ამიტომ მეც მაქსიმალურად ვცდილობ ამ სფეროში საკუთარი წვლილის შეტანას.

– როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ბავშვები საკმაოდ ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას,

– აბსოლუტურად გეთანხმებით, დასავლურ ქვეყნებში ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს და მერე თვითონ წყვეტენ რამდენად აინტერესებთ ამ სფეროში საქმიანობა. რა თქმა უნდა, ყველა ფინანსისტი ვერ გახდება, მაგრამ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუჩნდებათ, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ.

– როგორ იყენებენ სტუდენტები სიმულაციებს?

– ჩემი აზრით, სიმულაციები ძალიან სასარგებლოა, რადგან რთული ფორმულების პრაქტიკაზე სწავლების საშუალებას იძლევა. მიხარია, რომ ამგვარი პროცესით ყოველთვის აქტიურად ინტერესდებიან სტუდენტები. მეტიც, ორკვირიანი პროგრამა სწორედ მათი   მოთხოვნით გავზარდეთ სამ კვირამდე.

– რა არის ციფრული ბოტასი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში?

– ცოტა რთულია STEPN-ის მომავლის განსაზღვრა, რადგან ძალიან ბევრია დამოკიდებული მის განვითარებაზე. მართალია, მანამდე ბევრი მსგავსი პროექტი ჩავარდა, მაგრამ  STEPN-ი მაინც საინტერესო წამოწყებად მიმაჩნია, თუმცა მისი მომგებიანობა ე.წ. დედა-მონეტაზე – ბიტკოინზეა დამოკიდებული, რადგან სწორედ მისი მოძრაობა მართავს ბაზრის მოძრაობას. ახლა ბოტასის ფასი დაეცა, რადგან თვითონ ბიტკოინი განიცდის წნეხს, თუმცა, არაა გამორიცხული ახლო მომავალში ისევ გაიზარდოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მომხიბვლელობის მიუხედავად, STEPN-ი მაინც სარისკო პროექტად მიმაჩნია, ამიტომ არ ღირს უზარმაზარი სესხის აღება მის შესაძენად. ზაფხულში რამდენიმე მსგავსი პროექტი ჩაეშვება, რომელთაც ცოტა განსხვავებული კონცეფცია, თუმცა უფასო და ისევ ჯანსაღი ცხოვრების წესზე იქნება ორიენტირებული.

– თავად თუ გაქვთ STEPN-ი?

– არა, არ შევიძინე, რადგან უფასო ბოტასების პროექტები უფრო პერსპექტიულად მომეჩვენა.

– რა მიზანს ისახავდა ტრეიდერების ჰაბის დაფუძნება?

– ტრეიდერების ჰაბი კოვიდ-პანდემიის დროს შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი ერთის მხრივ,  მსურველებისთვის საფონდო ბირჟაზე, კრიპტობაზარზე ვაჭრობის სწავლება, მეორეს მხრივ, ჩვენსავე კომპანიაში სამუშაოს შეთავაზებაა.

– უკვე განხორციელებული პროექტებიდან რომელს თვლით მოტივატორად შემდგომი განვითარებისთვის?

– პროექტები ნაკლებად, ალბათ უფრო მიღებული განათლება იქცა მოტივაციად, რადგან ძალიან მინდოდა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში კონვერტირება და სხვისთვის გაზიარება.

– თქვენი აზრით, როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში?

– საკმაოდ სუსტი, რადგან მხოლოდ შიდა ინვესტიციების ხარჯზეა, არადა მთავარი სწორედ უცხოური ვალუტის შემოდინებაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ეროვნული ვალუტის გამყარება.

– რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად კოლეგებსა და თანამშრომლებში?

– ჩემთვის მთავარი იმ მოტივაციის დანახვაა, რომელიც ადამიანის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

– როგორი მოქმედებთ საქმიანი მოლაპარაკების დროს?

– ყოველთვის პირდაპირი ვარ. სწრაფად ვხვდები რამდენად მიღირს ადამიანთან საქმის დაჭერა და არასდროს ვკარგავ დროს ფუჭად.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვცდილობ, ყოველთვის სწრაფად მივიღო.

  ბლიცკითხვები 

– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

– გართობაში.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

– ვარჯიშს.

– რაზე ოცნებობ?

– დიდხანს ვნატრობდი საკუთარი უნივერსიტეტის გაკეთებას და ვფიქრობ, ახლო მომავალში ამ სურვილსაც ავისრულებ.

– რაში დაგეხმარათ უცხოეთში მიღებული განათლება?

– რადიკალურად განსხვავებული, ბევრად აქტიური და მობილიზებული დავბრუნდი.

– რა უფრო მოგწონთ – კერძების მომზადება თუ დაგემოვნება?

– რა თქმა უნდა, გემრიელი კერძების მირთმევა უფრო მომწონს, თუმცა მარტო ცხოვრებისას კეთებაც თვითონ მიწევდა.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ისევ ფიქრი და საკუთარ თავთან დიალოგი მეხმარება.

– რას დახატავდით გადაცემაში წარმატების ფორმულა?

– ცას, როგორც უსასრულობის სიმბოლოს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი აქტიური მუშაობაა ჯერ საკუთარ თავზე, მერე იმ სფეროში, რომელშიც წარმატების მიღწევას და ავტორიტეტის მოპოვებას ცდილობ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები