მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ორი კვირის განმავლობაში უკან დაბრუნება შეეძლება, – ამას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.
კანონპროექტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეძენილი პროდუქცია 14 დღეს ვადაში ყოველგავრი საფუძვლის გარეშე უკან დააბრუნოს.
აღნიშნულ ჩანაწერს ბიზნესასოციაცია ეწინააღმდეგება. ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი რეგულაცია ბიზნესს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხარჯებს გაუზრდის, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს.
ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კი კანონის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა და მისი მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს. მას პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.