LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს ასოციაცია დეპუტატებს მიმართავს, კანონები გააზრებულად მიიღონ

142

ბიზნეს ასოციაცია პარლამენტს მიმართავს, ნაჩქარევად არ მიიღონ კანონები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს.

როგორც დღეს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, ბიზნესი მოუწოდებს პარლამენტს და პარლამენტის წევრებს, რომ ვიდრე მიიღებენ აქტუალურ და მნიშვნელოვან ეკონომიკურ კანონებს, აუცილებლად ჩართონ განხილვაში ყველა დაინეტერსებული მხარე და არ მოხდეს ნაჩქარევად ასეთი კანონების ინიცირება.

ჭირაქაძის თქმით, ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მიღებამ შესაძლოა, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ ცვლილებები გააზრებული უნდა იყოს ყველა მხრიდან.

”მომხმარებლის უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, ჩვენ ეს გვესმის, მაგრამ შეიძლება, მივიღოთ უარყოფითი შედეგები. ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი მყარდება და გაცილებით უკეთესი ვითარებაა ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ. ამ კანონმა კი შესაძლოა, აიძულოს მეწარმეები გაზარდონ ფასები,” – განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ევროდირექტივას ეწინააღმდეგება კანონპროექტის ის მუხლიც, რომელიც შეძენილი პროდუქტის ორი კვირის განმავლობაში უკან დაბრუნების უფლებას ითვალისწინებს.

”ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ ასეთი მოთხოვნა  აუცილებლად გამოიწვევს საქონლის სერიოზულ გაძვირებას. თუ შევხედავთ ევროდირექტივას, იქ მკაფიოდ ჩანს, რომ ასეთი მოთხოვნები არის ძირითადად, ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით და არა მაღაზიებში. როგორც კი ჩვენი მეწარმეები ნახავენ, რომ ასეთი კანონი ამ ფორმით მიიღება, ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს ბიზნესისთვის” – აღნიშნა ჭირაქაძემ.

კანონპროექტის  ავტორი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილია. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.კანონპროექტის მიხედვით,  მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეძენილი პროდუქცია 14 დღეს ვადაში ყოველგავრი საფუძვლის გარეშე უკან დააბრუნოს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტს ბიზნეს ასოციაცია ეწინააღმდეგება. ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი რეგულაცია ბიზნესს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხარჯებს გაუზრდის, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს.