LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BAG ინდექსით 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში ბიზნეს კლიმატი გაუარესდა

121
sss

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), PMC კვლევითი ცენტრისა და მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის (Ifo) თანამშრომლობის საფუძველზე 2023 წლის მეოთხე კვარტლის BAG ინდექსი გამოქვეყნდა.

BAG ინდექსი მოიცავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. PMC კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს ყოველკვარტალურად აქვეყნებს.

BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე. კითხვარის მეშვეობით კომპანიები აფასებენ საკუთარ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს. კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების, გაყიდვების ფასების, დასაქმებულთა რაოდენობის და დასაქმებულთა ანაზღაურების ცვლილებას გასულ და მიმდინარე კვარტლებში და აფიქსირებენ მოლოდინს მომდევნო კვარტლისთვის. დამატებით, კომპანიები ასახელებენ საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, აფიქსირებენ გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს, და აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. მიმდინარე კვარტალში კომპანიებმა ასევე შეაფასეს შრომითი რესურსების საჭიროება. აღნიშნული ინდექსის ფარგლებში, BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2023 წლის მეოთხე კვარტლის გამოკითხვა ჩატარდა 2023 წლის 20 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში.

2023 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხულმა კომპანიებმა საკუთარი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 44 ქულა შეადგინა, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 37.5, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 50.7 ქულაა. თუმცა 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატი 4.5 ქულით გაუარესდა, 6.1 ქულით გაუარესდა მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი კი – 2.8 ქულით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 29%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2024 წლის პირველი კვარტლის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოკითხული კომპანიების 38% ელის.

სექტორებს შორის 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში აფასებენ. 2024 წლის პირველი კვარტლისთვის ყველაზე პოზიტიური შეფასებით კი მრეწველობის სექტორი გამოირჩევა.

2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე ნეგატიურად მომსახურების სექტორში აფასებენ (5%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება).

გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მრეწველობის სექტორში აფასებენ. 2024 წლის პირველი კვარტლისთვის ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მრეწველობის სექტორში ფიქსირდება.

2023 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობას გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ნეგატიურად მომსახურების სექტორში აფასებენ (12%-მა განაცხადა, რომ მათი გაყიდვები მცირდება).

2023 წლის მეოთხე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 14%-მა გაზარდა გაყიდვების ფასები. ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. ფასების ზრდის დინამიკა ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში შეინიშნება.

2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.

პოპულალურები