დღეს 15:00 საათზე საზოგადოება კონსერვატორიასთან იკრიბება.
ამ ფორმით ისინი აპირებენ პატივი მიაგონ გიორგი საყურაშვილის ხსოვნას.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.
„საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი გამოვდივართ ინიციატივით, პარასკევს 15:00 საათზე, შევიკრიბოთ კონსერვატორიასთან და პატივი მივაგოთ ტრაგიკულად გარდაცვლილ – გიორგი საყურაშვილის ხსოვნას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გიორგი საყურაშვილი გუშინ დაკრძალეს.
კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, საყურაშვილი მის მეგობრებსა და ბრალდებულს შორის მომხდარ კონფლიქტში მხოლოდ გამშველებელი იყო.
პროკურორის განმარტებითვე, ახალგაზრდა, რომელიც მოკლეს, ჩხუბში არ მონაწილეობდა, კონფლიქტი კი ყოფით ნიადაგზე, ბრალდებულის ინიციატივით მოხდა.
ცნობისთვის, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.