“მოქალაქეები” ითხოვენ, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს ალკოჰოლური სიმთვრალისთვის, მართვის უფლება ექვსი თვის ნაცვლად, ერთი წლით შეჩერდეს.
ინიციატივის ავტორები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი შესაბამის ცვლილებებს ბიუროს სხდომას წარუდგენენ.
ცვლილებების მიხედვით:
▶ მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, 150 ლარის ნაცვლად;
▶ მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთი დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ერთი წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმების 700 ლარის ოდენობით.
▶ სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა კი ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარის.
კანონპროექტით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 41 ნაწილში – ის პირი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას.
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით:
▶ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება დაჯარიმდება – 3000 ლარით და შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა ერთი წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმების 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის ორი წლით გაზრდისა.
▶ სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა, მისი პირველად ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმის, 1500 ლარის ოდენობით.
როგორც პროექტშია აღნიშნული, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას – 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
ხოლო, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარის.