გარანტირებულად გეუბნებით, რომ მიზნობრივ ჯგუფებზე კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს ყველაზე დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში, დენის ტარიფის სუბსიდირება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
„მოგეხსენებათ, სუბსიდირების ნაწილში გადაწყვეტილება, მათ შორის ელექტროენერგიის ტარიფზე, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე იყო მიღებული. კიდევ იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გაიზარდა. სხვა პირობებში, როცა მოსახლეობის ყველა ფენისთვის ტარიფის სუბსიდირებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის სწორი. შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მიზნობრივ ჯგუფებზე და გარანტირებულად გეუბნებით, რომ სუბსიდირების ნაწილი შენარჩუნდება“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.