მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გაიზრდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს. მისივე თქმით, რაც შეეხება კომერციულ სექტორს, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის 24 თეთრით ზრდასთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ შეხვედრა გაიმართება.
„პადნემიიდან გამომდინარე მართლაც არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა ეკონომიკა და ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არაა გამონაკლისი და მათ სერიოზული სირთულეები აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ეს არაა რეგულირებადი, თუმცა ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, თბილისის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით მომარაგება და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი ეს გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს“,- აღნიშნა თურნავამ.
შეგახსენებთ, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება 24 თეთრით ეზრდებათ.