გრიგორი კარასინის ამ განცხადებებიდან განსაკუთრებული საფრთხეების საფუძვლიანი შეფასება ვერ მოხდება, ამისათვის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ, ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, სადაც გრიგორი კარასინმა ქართველი პოლიტიკოსები ანტირუსული დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და მუხრუჭების ამოქმედებისკენ მოუწოდა.
”საჭიროა სიტუაციის ფართო ანალიზი. ჩვენი საფრთხეების შეფასებაში რაიმე ასეთი ფართომასშტაბიანი აგრესიის მოლოდინი არ არსებობს, მაგრამ ჩვენთან არც არაფერია გამორიცხული. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, მაქსიმალურად შეამციროს, თუკი ასეთი საფრთხეები რაიმე ეტაპზე ჩნდება ან გამოჩნდება. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი აგრესიისაგან და მშვიდ და პრინციპულ პოლიტიკას მივსდიოთ – დავიცვათ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
არის თუ არა მოსალოდნელი აბაშიძე-კარასინის ან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატების გაუქმება, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარი არ არის, ვინაიდან სერიოზული სახელმწიფო ასეთი განცხადებების შემდეგ, არჩეულ კურსს არ შეცვლის.
”საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესებში არ არის კონფლიქტი, დაძაბულობა და ესკალაცია. დავაკვირდებით, როგორი იქნება რუსეთის მომდევნო ნაბიჯები. იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება, მათ შორის, აბაშიძე-კარასინისა ფორმატში ურთიერთობების იმ ტონალობაში გაგრძელება, რაც აქამდე იყო. არავინ აპირებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედავასა და გაუქმებას, ვინაიდან მთავარი მიზნები მისაღწევია” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.