საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება.
„პარლამენტში პროცესის წარმართვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, ამერიკული მოდელით წარიმართება. კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება მოხდება და ძალიან საქმიანი, ხანგრძლივი პროცესი წარიმართება. პროექტი ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება. იუსტიციის საბჭოში კონკურსის გამოცხადების შემდეგ პროცესი ერთ თვეს გასტანს, კანდიდატების შეტანის შემდეგ გასაუბრება ასევე ერთ თვეს მოიცავს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმეთვიანი ეტაპი წარიმართება, პარლამენტში კი, უზრუნველყოფილი იქნება პროცესის ისე წარმართვა, რომ ყველას საშუალება ჰქონდეს, ინდივიდუალურ გასაუბრებას თვალყური ადევნოს,” – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცვლილებებით, 18 მოსამართლის შერჩევა ხუთ ეტაპად წარიმართება. პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყება და კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს. პროექტით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნება ყოფილ მოსამართლეს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც ჩაბარებული აქვს, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.