LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ბიუროს 2 კანონპროექტი წარედგინა

71
biuro

პარლამენტს დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი წარედგინა.

ორივე კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

ერთი პროექტი, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და უმრავლობის 6 დეპუტატის მიერ არის მომზადებული. “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

მეორე პროექტის ინიციატორი ეკა ბესელიასთან ერთად არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური.

ბესელიას კანონპროექტის გათვალისწინებით, კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა.

გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები