LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, ოპოზიციას მოვუწოდებ, არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მივიღოთ: ოქრიაშვილი

41
კახა-ოქრიაშვილი

“ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობა აღარ მივიღოთ.” – ამის შესახებ ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველი გუნდი სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს აყალბებს და ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას აყალიბებს:

“მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი გადადგა და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას.” – აცხადებს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას:

“მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური! შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას.” – თქვა კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, მსგავსი მოწოდებით ოპოზიციას ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვის პროცესს დაიწყებს, ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტიდან გავლენ და “ქართული ოცნება” მარტო დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g