საქართველოს ისტორიაში სულ მალე ჩაიწერება კიდევ ერთი პოლიტიკურად ცხელი წელიწადი. 2021 წელი მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა.
პოლიტიკიდან ბევრი წავიდა, ბევრიც მოვიდა და ერთი დაბრუნდა.
პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში ორჯერ გვქონდა არჩევნები. მთავარ გამზირზე რამდენიმეკვირიანი ინტერვალით შეიკრიბა 100 ათასობით ადამიანი. ერთ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს და მიშას სკანდირებდნენ.
მეორე შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ამით სააკაშვილს უთხრეს „არა და არასოდეს“.
რუსთაველზე ასევე ვიხილეთ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები და იყო 5 ივნისიც, როცა რუსთაველზე ჟურნალისტები აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ.
„ფორტუნამ“ პოლიტიკაში ყველა მნიშვნელოვანი წასვლა – მოსვლა და ჩამოსვლა გაიხსენა.
წლის პირველი წასვლა, რომელიც დიდხანს ბევრს არ სჯეროდა, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯი იყო.
ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და სერიოზული რესურსი დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს: ირაკლი კობახიძე
ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და სერიოზული რესურსი დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს: ირაკლი კობახიძე
ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა.
ახალი წლის დღეების შემდეგ, 11 იანვარს დილის 10 საათზე მედიაში ივანიშვილის წერილი გავრცელდა. ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა.
„არ იყო პოლიტიკა ჩემი საყვარელი საქმიანობა, “- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამ წასვლის და განცხადების მიუხედავად დღემდე მას ოპოზიცია ქვეყნის მთავარ მმართველად ასახელებს.
შემდეგი, ვინც წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია იყო. მისი წასვლაც ბევრს არ სჯეროდა და ამბობდა, რომ ივანიშვილის პროექტი იყო მისი პოლიტიკიდან წასვლა.
მოვლენები ამ შემთხვევაშიც მოულოდნელად განვითარდა, დილის 10 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი მოულოდნელად ჩაინიშნა. გიორგი გახარიამ ზუსტად 10 საათსა და 29 წუთზე ამცნო საზოგადოებას, რომ ქვეყნის პრემიერი აღარ იყო.
მელიას დაკავება გახარიას "გასაფუჭებლად" იყო დაგეგმილი - მიხვდა, რომ ხაფანგში მოექცა, ადგა და წავიდა: ხუხაშვილი
„ახლაც მგონია, რომ იმ თანამდებობაზე, რაზეც მე რეკომენდაცია გავუწიე, სხვა კანდიდატებს სჯობდა“ - ხუხაშვილი
მოგვიანებით ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ამ მომენტზე ჰკითხა, ამბობენ, ივანიშვილს ურეკავდით, მან არ გიპასუხათ და შემდეგ თქვენთან ერთად მყოფმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და მას უპასუხა, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილთან დარეკვას ნამდვილად ცდილობდა.
მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“, უფრო კონკრეტულად მისმა შემცვლელმა ღარიბაშვილმა მას მაზაკვალი მოღალატე უწოდა, მეგრელები გამიგებენ, დასძინა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით გახარიამ დედაქალაქის მერობაც სცადა, მაგრამ მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და მისმა შექმნილმა პარტიამ არჩევნებში ვერ დააგროვა ბევრი ხმა. შესაბამისად მითი, მისი ივანიშვილის პროექტობაზე, ნელ-ნელა გაქრა.
გახარიას წასვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვა ირაკლი ღარიბაშვილს ანდო და მან ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა მეორედ დაიკავა.
განცხადებები ღარიბაშვილის მეორედ წასვლაზე მედიაში პერიოდულად ჩნდება ხოლმე, მაგრამ ის თანამდებობაზე ამ დრომდე რჩება და როგორც მისი გუნდის წევრები ამბობენ, კიდევ დიდხანს დარჩება.
ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ მის კაბინეტში ცვლილება მოხდა და მაია ცქიტიშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ის ირაკლი ქარსელაძემ ჩაანაცვლა.
2020 წელს მინისტრთა ახალ კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო, იუსტიციის მინისტრად რვაწლიანი მუშაობის შემდეგ თეა წულუკიანი არ დაინიშნა, 2021 წელს ის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნდა.
წელს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შემდეგ უწყების მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
წულუკიანის მეთორმეტე მინისტრად დანიშვნას კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა ის კრიტიკოსებს ყოველთვის მისთვის დამახასიათებელი იუმორით პასუხობს.
ეს ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში ზაფხულამდე მოხდა. შემოდგომა კი პოლიტიკურად ცხელი აღმოჩნდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბევრისთვის მოულოდნელად ქვეყანაში დაბრუნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი დაბრუნების შემდეგ საქართველო განსხვავებულ პოლიტიკურ რეალობაში აღმოჩნდა. მოკლედ, რამდენიმე წინადადებაში ეს პერიოდი შეიძლება, ასე გავიხსენოთ. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი დაიჭირეს, შიმშილობა გამოაცხადა, 52 დღიანი შიმშილობის შემდეგ ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს. მისი და მისი მხარდაჭერების პროტესტის შემდეგ ის გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 30 დეკემბერს კი კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ეს მოკლედ გავიხსენეთ, თუმცა ბევრი დაძაბული და ხმაურიანი კამათი მოჰყვა მის ჩამოსვლას. არიან ისეთებიც, ვინც ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლებას ითხოვენ…
ამ პოლიტიკურ ორომტრიალში მორიგი მოულოდნელი წასვლა ვიხილეთ „ქართულ ოცნებაში“. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 9 დეკემბერს გადადგა.
მის შემცვლელად მედიაში ბევრი კანდიდატი განიხილებოდა, თუმცა პრემიერმა ზურაბ აზარაშვილი დაასახელა, რომელიც ჯანდაცვაში თავდაცვიდან მოვიდა.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ის გუნდს არ ტოვებს და პარტიის პოლიტსაბჭოს მუშაობაში აქტიურად იქნება ჩართული.
წლის ბოლოს კი კიდევ ერთი ხმაურიანი წასვლა ვიხილეთ. თანამდებობა დატოვა კახა კუჭავამ და პარლამენტის თავმჯდომარეობა წელს უკვე მესამე ადამიანმა ჩაიბარა. 29 დეკემბერს პარლამენტმა 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ შალვა პაპუაშვილი აირჩია თავმჯდომარედ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პაპუაშვილი ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაამშვებდა.
კახა კუჭავა კი რომელმაც ამ თანამდებობაზე 2021 წლის 27 აპრილს არჩილ თალაკვაძე შეცვალა, პარლამენტიდანაც წავიდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთვებოდა გუნდთან ერთად.
კუჭავა: შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით, თვე არის უკვე, რა თქმა უნდა, გვქონდა ამ საკითხზე საუბარი" - აღნიშნა კუჭავამ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კუჭავა წასვლის ნამდვილ მიზეზს უბრალოდ არ ასახელებს.
ასეთი იყო 2021 წლის ყველაზე ხმაურიანი და მნიშვნელოვანი პოლიტიკიდან წასვლის, მოსვლისა და ჩამოსვლის მოკლე ქრონოლოგია.
მთავარი კი ალბათ ის არის, ვინ იქნება შემდეგი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაგრძელებას 2022-ში ვიხილავთ.