31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი უმრავლესობიდან, ალუდა ღუდუშაური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და თუკი გააჩნიათ გაყალბების რაიმე მტკიცებულება წარუდგინონ.
ამასთან, ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ახლა “არის კუთხეში მიმწყვდეული და აღარ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას”.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღეს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ბადრი ჯაფარიძესა და სალომე სამადაშვილს კითხვები არ გააჩნიათ.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ბადრი ჯაფარიძის, ასევე სალომე სამადაშვილის მხრიდან მოვისმინეთ 2020 წლის არჩევნების რბილად აღიარება, როცა მათ განაცხადეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე. მათ დღეს კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ, ხოლო თუ ვინმეს რაიმე აქვს იმის დამამტკიცებელი, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს წარმოადგინონ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, კეთილი ინებონ და შემობრძანდნენ კომისიაში.
კომისია ყველა ასეთ კითხვას წერტილს დაუსვამს. რადგან მათ იციან, რომ არ აქვთ არც ერთი მტკიცებულება, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დასვა წერტილი და თქვა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ამიტომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე მოახდინონ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია. თუმცა, კომისია იქნება უაღრესად ეფექტური,”- განაცხადა ღუდუშაურმა.