პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ექიმს, რომელმაც აცრის რეკომენდაცია არ მისცა, შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება მოსთხოვონ. ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.
მისი განმარტებით, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, თუ ვაქცინას ინსტრუქციაში კონკრეტული უკუჩვენება არ უწერია, მისი გაკეთება ადამიანისთვის დასაშვებია.
„ჩაუწეროს ექიმმა,რა მიზეზით ეუბნება უარს აცრაზე. დამერწმუნეთ, ამას მერე არ იტყვიან, რადგან საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ, რომ ბავშვობაში რომ ჭინჭრის ციება ჰქონდა ადამიანს, ამიტომ ეუბნებიან აცრაზე უარს. დააფიქსირონ ეს და შესაძლებელი იქნება, რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს, რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“,- განაცხადა იმნაძემ.