“ჩვენ ვხედავთ საშიშ ტენდენციას, რომ ვაქცინა კვლავ არ გვაქვს და ამ პირობებში ქვეყანა იხსნება დაუხვეწავი რეგულაციებით. კიდევ ერთხელ ხელისუფლება ამით ამზადებს ქვეყანას მესამედ ჩასაკეტად. სასწრაფოდ მოვუწოდებ მინისტრს, დატოვოს თანამდებობა და მოვითხოვთ, უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა.” – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან ქვეყანაში ვაქცინა ჯერ არ შემოსულა:
“მთლიანად ჩავარდა კრიზისის მართვა ჯანდაცვის მიმართულებით და ამან საქართველოს მოსახლეობა გაწირა სიკვდილისთვის უვაქცინობის პირობებში და მოსახლეობის მეორე ნაწილი გაწირა შიმშილისთვის ჩაკეტილი და ჩამოქცეული ეკონომიკის პირობებში.
ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვიყავით ჩავრთულიყავით ყევლა ფორმატში და ყველა კომპეტენტური პირი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩართულიყო ამ პროცესში. ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა.
ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი.”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, პარტიამ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, შესაბამისი უწყებებისგან მათ პასუხი არ მიუღიათ:
“არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიმიღია ჯანდაცვის სამინისტროსგან იმიტომ, რომ მათ ეშინიათ ამ მიმოწერის გასაჯაროვების. “ლელო” მოითხოვს, რომ მინისტრი გადადგეს, მაგრამ ამავე დროს, უნდა გასაჯაროვდეს ყველა მიმოწერა, რომელიც წარმოებული იყო ამ პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მისაღებად და დავინახოთ, სად გვაქვს სხვა სისტემური ჩავარდნები და მინისტრთან ერთად ვინ არის პასუხისმგებელი.” – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.