კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია “ფორმულას” ორ თანამშრომელზე თავდასხმას ეხმიანება. კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების მოხდენისკენ, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, მედიის მხარდასაჭერად ღია განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„ფორმულას“ 2 თანამშრომელს თავს დაესხნენ
“დღეს, 09 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.