LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწევის რეგულაციების დარღვევა სამედიცინო დაწესებულებებშიც დაფიქსირდა – რა აჩვენა თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის შედეგებმა

168
Untitled design (2)

თამბაქოს კონტროლის ალიანსი მონიტორინგის შედეგს აქვეყნებს,  რომელ დაწესებულებებში სრულდება არასრულფასოვნად კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონიტორინგი განხორციელდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე სტადიონებზე, სამედიცინო დაწესებულებებსა და კომერციული ორგანიზაციების ოფისებში.

მათივე ცნობით, „სანამ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ჩაერთვება კანონის აღსრულებაში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მონიტორინგის ფიზიკურ რაოდენობრივ და ფინანსურ გაძლიერებაზე“.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი „იმედოვნებს, რომ 2023 წელს, ხელისუფლების პრიორიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ინტერესებზე ზრუნვა იქნება და ინტენსიური საინფორმაციო პოლიტიკის გატარებით, ასევე გაძლიერებული მონიტორინგით, საზოგადოებას საშუალება ექნება მაქსიმალურად დაცულ გარემოში იცხოვროს“

„თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის, 11 თვის შედეგების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ კანონი არასრულფასოვნად სრულდება და მუდმივ კონტროლს საჭიროებს. ისევე, როგორც მოსახლეობას სჭირდება თამბაქოს კონტროლის რეგულაციების მუდმივად შეხსენება, რაც საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურებით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. თუმცა, 2022 წელს, აღნიშნული პროგრამა ჩავარდა, ან ჩააგდეს?!

როდესაც თამბაქოს ინდუსტრიას დიდი გავლენა აქვს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში, არ გამოვრიცხავთ, თამბაქოს კონტროლის საკომუნიკაციო პროგრამის მარცხიც მათი გავლენის შედეგი იყოს. სხვანაირად აუხსნელია ბიუჯეტში მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველსაყოფად თანხებს ითვალისწინებდე და შემდგომ, უცნობი მიზეზების გამო ტენდერს არ ატარებდე ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც მოსახლეობას მუდმივად გაანათლებს, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარებით მოსალოდნელ საფრთხეებს დაანახvებს და შეახსენებს რეგულაციებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების გარანტიაა.

საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგად, ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის ერთი ნაწილი სტუმრების გულის მოსაგებად ცრუობს, რომ დახურულ სივრცეში ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ნებადართულია. კანონში გარკვევით წერია და თავის დროზე, ჯერ კიდევ კანონის აღსრულების დაწყებამდე კაფე-ბარების და რესტორნების მეპატრონეებსა და ადმინისტრატორებს სხვადასხვა ფორმით ეცნობათ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოწევა აკრძალულია.

საინფორმაციო პოლიტიკის უქონლობის შედეგია სტადიონებზე არსებული განუკითხაობაც. თუ ფეხბურთის საერთაშორისო თამაშები არ იმართება (სადაც „ფიფა“ და „უეფა“ კატეგორიულად მოითხოვენ, მათ ტურნირებზე სრულად იკრძალებოდეს თამბაქოს მოხმარება), შინა შეხვედრებზე, სტადიონები მოწევის აკრძალვის რეგულაციას უგულებელყოფენ. ბორის პაიჭაძის სახელობის, დინამოს სტადიონი ორჯერ დავაფიქსირეთ, როგორც მოწევის რეგულაციების დამრღვევი ორგანიზაცია. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სადაც თამბაქოს კონტროლის რეფორმები დიდი ხანია მოქმედებს, სტადიონზე მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა შეიძლება, მოწევა კატეგორიულად აკრძალულია.

იმის ნაცვლად, რომ საინფორმაციო პოლიტიკას ხელს უწყობდნენ, სამწუხაროდ, მოწევის რეგულაციების დამრღვევთა შორის, კვლავ ფიქსირდებიან სამედიცინო დაწესებულებები. ნოემბერში, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ დააჯარიმა კლინიკა „ინოვა“, სადაც არც მოწევის ამკრძალველი ნიშნები იყო გამოკრული და შენობაშიც თამბაქოს კვამლის მძაფრი სუნი იდგა.

თამბაქოს მოიხმარენ კომერციული ორგანიზაციების ოფისებშიც, საიდანაც შეწუხებული მოქალაქეები, ან ორგანიზაციაში დასაქმებული პირები კონფიდენციალურად გვთხოვენ, დავეხმაროთ. თუ ფაქტზე რეაგირებით საპატრულო პოლიციას მოქალაქეები არ დაეხმარებიან, სრული მონიტორინგი გაგვიჭირდება, რადგან კომერციული ორგანიზაციები ხშირად უარს ამბობენ შენობაში ჩვენი მონიტორების შეშვებაზე. მოწევის დარღვევის ფაქტებზე დარეკეთ საპატრულო პოლიციაში და მოითხოვეთ კონფიდენციალურობა. ამის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

სანამ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ჩაერთვება კანონის აღსრულებაში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მონიტორინგის ფიზიკურ (რაოდენობრივ) და ფინანსურ გაძლიერებაზე.

2023 წლიდან, ადრეულ ეტაპზევე უნდა დაიწყოს საკომუნიკაციო პროგრამის მოქმედება, რათა მოსახლეობა მთელი წლის განმავალობაში უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციით თამბაქოს კონტროლის რეფორმების მნიშვნელობისა და მოწევის რეგულაციების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, ყველა დაწესებულებების შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში გაიკრას მოწევის ამკრძალავი ნიშნები და სამასპინძლო ბიზნესმა დაიმახსოვროს, რომ დახურულ სივრცეში არამხოლოდ თამბაქოს ნაწარმის, ჩილიმის მოწევაც აკრძალულია. დღეს, მოწევის რეგულაციის დამრღვევი სამასპინძლო ობიექტების მეტი წილი სწორედ ჩილიმის გამო ჯარიმდება. თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ერთ დღეს 15 ობიექტი ჩილიმის მოწევის გამო დაჯარიმდა.

მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, დაწესებულებებში მეორადი კვამლის გაზომვაც დავიწყეთ. სამწუხაროდ, გარე სივრცეში განთავსებული მოსაწევი ადგილები იმდენად ახლოს არის შესასვლელ კართან, რომ შენობების უმრავლესობაში თამბაქოს კვამლის ბუღი დგას.

ვიმედოვნებთ, 2023 წელს, ხელისუფლების პრიორიტეტი მართლაც იქნება საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ინტერესებზე ზრუნვა და ინტენსიური საინფორმაციო პოლიტიკის გატარებით და გაძლიერებული მონიტორინგით, შევძლებთ, საზოგადოებამ მაქსიმალურად დაცულ გარემოში იცხოვროს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები