23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას არ ენდობა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი. მთავარი პროკურატურის მიერ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ, ოჯახის ადვოკატს გამოძიებასთან მეტი კითხვები აქვს და აცხადებს, რომ საქმე არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბაჩალიაშვილის ავტომობილში, რამდენიმე ადგილას აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნის, თუმცა პროკურორმა განცხადებაში ამის შესახებ არ ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილზე სიკვდილამდე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, რომელსაც აღნიშნული სისხლის კვალი მოწმობს, თუმცა ფაქტის დადასტურება შეუძლებელია გვამის ხრწნის პროცესის გამო. ამის შესახებ რამიშვილმა “ფორტუნასთან” ისაუბრა.
“ვარაუდებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი. თავიდანვე არ იყო ნდობა გამოძიების მიმართ. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაიწყო საქმის გამოძიება, არაფერი არ შეცვლილა. სატელიტიდან ფოტოებს ვითხოვთ და დღემდე არ არის. ლპობის დაჩქარებული პროცესი იყო დაწყებული და შესაბამისად, იქ ძალადობის კვალს ვერ აღმოვაჩენთ. ჩემი შეხედულებით შესაძლებელია თამარზე ფიზიკურ ზალადობას ქონდა ადგილი, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია. მე მქონდა ინფორმაცია, რომ თამარის მანქანაში სისხლის კვალი იყო აღმოჩენილი, თუმცა პროკურორმა რატომ არ გაასაჯაროვა, თავად მას უნდა კითხოთ. შეიძლება ინექცია იყო გაკეთებული. მე ველოდებოდი როდის რას იტყოდნენ, ვაკვირდები მათ. ვერსია ბევრი მაქვს, მაგრამ თამარის ორგანიზმი და სხეული ისეთ მდგომარეობაში იყო, იქ ვერანაირ კვალს ვერ აღმოვაჩენდით. ვერც საინექციო ადგილს. ეს პროცედურები ძალიან პროფესიონალურად არის გაკეთებული. ყველაფერი წინასწარ იყო კარგად გააზრებული”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები – პროკურატურა
“ეს არის მორიგი სპექტაკლი, ყველას ვთხოვ შვილები გადავარჩინოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა