მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. წვრთნების დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი და საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ექსპერტები დაესწრნენ.
წელს საჩვენებელ სწავლებაში ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩები“ მონაწილეობდნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა პირველად გამოიყენეს ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსი „ჯაველინი“. საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერას გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანები „მარდერი“, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები უწევდნენ. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში მონაწილეობდა საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც.
მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომლის სახელწოდებაა „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო“. სწავლების ამოცანა იყო, მრავალეროვნულ ქვედანაყოფს რაიონული თავდაცვა განეხორციელებინა, რათა ბრძოლაში ჩართვის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე დაემარცხებინა და დივიზიას კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცემოდა.
ღონისძიების მეორე ნაწილი სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალს დაეთმო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა „ღირსეული პარტნიორის“ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით საქართველოს შეიარაღებული ძალების 5 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა, სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედროებს 38 უწყებრივი მედალი გადაეცათ. სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებით კი 199 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.