გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი დეა ადამია იყო. საუბარი „ჯეო ბარის“ გამარჯვებულის პირადი ცხოვრების, კარიერისა და მომავლის შესახებ წარიმართა.
– დეა, პირველ რიგში როგორ ხარ?
– ფანტასტიურად, როგორც ყოველთვის. ყოველი დილა მითენდება მშვიდი, ჰარმონიული, ბედნიერი და მადლობა ამ ყველაფრისთვის სამყაროს შემქმნელს.
– როგორ მოახერხე ის, რომ ასეთი მშვიდი ცხოვრება გაქვს?
– მთავარია შეიცნო სამყარო და მისი შემქმნელის დარიგებები. როდესაც ამ მცნებებს შეისისხლხორცებ, ავტომატურად ხვდები, როგორ უნდა გააკეთო შენს ირგვლივ სამყარო ისეთი, როგორიც გინდა. დადებითი ემოციები მაქვს სულ და გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ალბათ 100 წლის მერე, როდესაც გარდავიცვლები, მაინც ავდები და ვიტყვი, რომ ჯერ ჩემი დრო არ არის.
– პოპულარული გახდი „ჯეო ბარიდან“. რა შეცვალა ამ პროექტმა შენს ცხოვრებაში?
– 2007 წელს მოვიგე ეს პროექტი და ძალიან მადლიერი ვარ იმ წლების. დღესაც მეკითხებიან, დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, კიდევ მივიღებდი თუ არა მასში მონაწილეობას. რა თქმა უნდა მივიღებდი, მე არასოდეს ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებებს, თუნდაც მათ წარმატება არ მოეტანოთ.
– როგორ ფიქრობ, რატომ გახდი გამარჯვებული?
– ხალხის სიყვარულით, ემოციით, სიმპატიით. ერთადერთი ქალი ვარ დღემდე, რომელმაც რეალითი-შოუ მოიგო.
– რაში დახარჯე ეს თანხა?
– მოვიგე 40 000 ლარი, რაც აბსოლუტურად ჩემს სწავლა-განათლებას მოვახმარე. არც ბინა მიყიდია და არც მანქანა იმ პერიოდში, კვლავ ქირით ვცხოვრობდი. ჩემი ოჯახი დევნილია და შესაბამისად გაჭირვება კარგად არის ცნობილი. რომ არ გამომევლო სიღარიბის წლები, არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. მომავალში რაც არ უნდა მილიარდერი გავხდე, არასოდეს მექნება ე.წ. „სიღორის“ მომენტი, რადგან ვიცი რა სჭირდება ადამიანს სიღარიბის დროს.
– სად მიიღე განათლება?
– აქ ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურაში, შემდეგ პეკინის უნივერსიტეტში, ბიზნეს მართვისა და სახელმწიფო მართვის პროფესია ვისწავლე, ვფლობ ჩინურ ენას. შემდეგ გამომიჩნდა სამსახური ჩინეთში, სადაც 2 კვირის წინ დავწინაურდი. ვარ ერთ-ერთი ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე. მანამდე იურისტი ვიყავი.
– როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?
– ბევრი ვისწავლე, ვიშრომე, მაგრამ იღბალი აუცილებელია. თუ დაბადებული ხარ „ფორტუნად“, აბსოლუტურად ყველაფერში გაგიმართლებს. რასაც ვეჭიდები, ყველაფერი გამომდის და ბოლომდე მიმყავს. ყველგან გამარჯვებული ვარ. არ მიყვარს სასოწარკვეთილი და პესიმისტი ადამიანები, გარშემოც კი არ მყავს ასეთები. ვმეგობრობ მხოლოდ ბედნიერ და პოზიტიურ ადამიანებთან.

– დედმამიშვილი თუ გყავს?
– კი, ბედნიერი ვარ, რომ სამყარო ასეთ ერთგულ და ლამაზ დას, დიანას მიმზადებდა. ჩემი დისთვის და მისი ორი შვილისთვის ღირს სიცოცხლე. ჩემი ოჯახი უდიდეს სტიმულს მაძლევს, მივაღწიო იმაზე მეტს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ.
– რა არის შენთვის წარმატება?
– ჩემს ირგვლივ ადამიანების ბედნიერი სახეები. როდესაც ყველა იღიმის, ჩემი მეგობრები – ეს არის ჩემთვის წარმატება.
– პოლიტიკაში მიდიოდი…
– დიახ, იყო ასეთი შემოთავაზებაც, მაგრამ მალევე ვთქვი უარი. მივხვდი, რომ არ უნდა გააკეთო ისეთი რამე, რაც არ იცი კარგად. გაურკვეველ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო.
– პრეზიდენტობაზე თუ გიფიქრია?
– რა თქმა უნდა და ბავშვობიდან სულ ვამბობ, რომ როგორც თამარ მეფემ ყველა ღატაკი ხერხემალში გაასწორა, ვისურვებდი, რომ ყველა ქართველისთვის გამეცა დახმარება და შემემქმნა ძლიერი სახელმწიფო.
– ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა შენს ვიდეოს დუბაიდან. იქაურ შეიხთან შენს რომანზეც საუბრობდნენ…
– დიახ, სამსახურიდან მივლინებაში დუბაიში სამჯერ გამაგზავნეს და პრინცს მართლაც შევხვდი, რომელიც ძალიან თბილად შემხვდა. ვიტყოდი ქართული შეხვედრა მომიწყო-მეთქი, მაგრამ ქართველს ვერავის შევადარებ. უნიკალური ხალხი ვართ… უცხო რჯული ადამიანს ვერასოდეს გავყვები ცოლად და სისხლს ვერ აღვრევ. როდესაც გათხოვებას გადავწყვეტ, ბოლომდე გამოვიძიებ მის გენეოლოგიას.
რაც შეეხება ჭორს, მოჰყვა კი, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ძალიან ბედნიერი და განათებულია დუბაი: დილის 5 საათიდან შრომობენ, ვარჯიშობენ და ეს ძალიან მომწონს. ვიდეოში ვამბობ, რომ მეგაპოლისისთვის ვარ დაბადებული და ასეც ვფიქრობ. უდაბნოზე იმ ყველაფრის შექმნა სასწაულია და ჩვენ, ამ ბუნების პატრონს, რას დავამსგავსეთ თბილისი, რამდენი სიმახინჯეა. სასაფლაოს ხედია გარშემო…
– რატომ მოჰყვა ამ ვიდეოს ასეთი რეზონანსი?
– შური, რაც ძალიან კარგად გამოგვდის.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ სექსი არასოდეს გქონია და ქალიშვილი ხარ...
– არ ვიცი როგორი „გონი“ გწერს ამ სისულელეებს. მე ვიყავი გათხოვილი, მიზეზების გამო, ჩემივე გადაწყვეტილებით დავშორდით. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ცალ-ცალკე ძალიან კარგი პიროვნებები ვიყავით, მაგრამ ერთად კარგი მეუღლეები არ გამოვდექით. ეგოისტი, მესაკუთრე, ეჭვიანი – სხვანაირი თვისებები ჩამოუყალიბდა. მსგავს მონსტრთან ვერ გავჩერდებოდი. მე თავისუფლება მიყვარს, ჩარჩოების გარეშე.
– დღეს თუ გაქვს კონტაქტი?
– კი, რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრები ვართ. თავის საიდუმლობებეს მე მეუბნება.
– როგორი მამაკაცები მოგწონს?
– მამაკაცი თუ არ არის კარიერისტი, ვერ გავჩერდები მასთან. ჩემზე გაცილებით ძლიერი უნდა იყოს. არ არსებობს წარუმატებელი და ხელმოცარული, უნდა მოინდომო და ყველაფერი გამოვა. დღე-ღამეში 4 საათი მძინავს და კვირაში ერთი დღე ვისვენებ. ამაზე ნაკლებს მამაკაცი თუ გააკეთებს, მასთან ვერ ვიქნები.

– გაჭირვებულებს თუ ეხმარები?
– ამაზე საუბარი არ მინდა და რასაც ვაკეთებ ღმერთისთვის ვაკეთებ.
– მოგვიყევი შენი ბრენდის შესახებ…
– რამდენიმე თვის წინ შევქმენი ბრენდი, რომელიც ქალის, მამაკაცის და ბავშვის კოლექციას მოიცავს. ჩინეთის, საუდის არაბეთის, სტამბოლის, მაროკოსა და სხვადასხვა ცნობილ ბაზარზე გადის ექსპორტზე. დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჩემს ნაწარმს და მალევე მოიხვეჭა სახელი ბრენდმა ჩინეთის ბაზარზე. ფასებიც საკმაოდ მისაღებია. შანხაიში ვგეგმავ ახლა ახალი მაღაზიის გახსნას. უახლოეს მომავალში აქსესუარების ხაზსაც გამოვუშვებ. იკერება იმავე ქარხანაში, სადაც „ზარა“ და „მანგო“. წინასწარ მიდის ნაჭრის ტესტირება, რამდენად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საქართველოში არაკომერციული თვალსაზრისით მცირე ნაწილი შემოვიტანე და რაც იქ 200, 300 დოლარი ღირს აქ მინიმალური, 150 დოლარი ღირს. ბევრ ჩემს მეგობარს სურდა ჩემი ბრენდი ჰქონოდა.
– როგორ მოეწონათ საქართველოში შენი კოლექცია?
– ერთი უარყოფითი კომენტარიც კი არ გაუკეთებია ვინმეს. ძალიან მიხარია და მოტივირებული ვარ. ზუსტად ვიცი, რომ სამ წელიწადში გავასწრებ ისეთ მსოფლიო ბრენდებს, როგორიც „შანელი“ და „დოლჩე და გაბანაა“.
– როგორ უვლი თავს?
– დილით 6 საათზე ვიღვიძებ, უზმოზე ვჭამ ერთ მუჭა ქიშმიშსა და ნიგოზს, რომელიც ტვინის უჯრედებს აღვიძებს და ენერგიას მაძლევს. არანაირი „რედ ბული“ არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. დღის განმავლობაში ვსვამ ძალიან ბევრ ჩაის, ვჭამ ხშირად და ცოტ-ცოტას.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– ყველგან, სადაც დედაა. დღემდე მასთან ერთად მძინავს, საკუთარი ოთახი მაქვს, მაგრამ მასთან მირჩევია.
– რამდენად ხშირად ჩამოდიხარ საქართველოში?
– ყოველ თვე 10 დღით აქ ვარ. ვერ ვძლებ ჩემი ოჯახის გარეშე.
– როგორი იყო ეს ერთი საათი ჩვენს სტუდიაში?
– სრულიად ჰარმონიული და კარგი, რაც გიგა, შენი დამსახურებაა. ძალიან თბილი და ორიგინალური სტუდიაა და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
– წარმატებებს გისურვებ.