LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მსგავსი პროექტები აღარ გააკეთო, ამას გიკრძალავთ” – მინისტრი არძინბა ქართულ-აფხაზურ დიალოგთან დაკავშირებულ პროექტებს კრძალავს

874
1

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა აკრიტიკებს და კრძალავს პროექტებს, რომლებიც ქართულ-აფხაზური დიალოგის შესაძლებლობას გულისხმობს.

ამის შესახებ საგარეო უწყების ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა დღეს აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს აღნიშნა.

როგორც Mfaapsny.org წერს, კოორდინატორებთან საუბრისას არძინბა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს შეეხო.

მან  დადებითად შეაფასა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, ასევე ჰუმანიტარული დახმარებისკენ მიმართული პროექტები.

თუმცა მინისტრმა დაუშვებელი უწოდა ზოგიერთ პროექტს, რომელიც აფხაზეთში ხორციელდება.

არძინბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, აფხაზეთში 2021 წლის ივნის-აგვისტოში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე გაამახვილა ყურადღება – კვლევა შიდაპოლიტიკური ხასიათის საკითხებს ეხებოდა და ასევე შეისწავლიდა ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას, მათ შორის, საქართველოსთან.

“აფხაზეთის რესპუბლიკაში სტატისტიკური საქმიანობის შესახებ” კანონის მიხედვით, სოციოლოგიური კვლევების ჩატარება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ. თქვენს ორგანიზაციას უბრალოდ ამის უფლება არ აქვს. ასევე, ეს საქმიანობა კოორდინირებული უნდა იყოს შესაბამის დეპარტამენტთან – სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს არის როგორც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი პოზიცია.

მინისტრმა COBERM-ის პროგრამაზეც ისაუბრა. პროექტი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ნდობის აღდგენა და ადრეული რეაგირების მექანიზმის განხორციელება.

მან პროექტს მიუღებელი და მოქალაქეების შეცდომაში შემყვანი უწოდა:

“ეს არის მიუღებელი პროექტი, რომლის მიზანიც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის დამყარებაა. ამ პროექტის განხორციელება მიუღებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აღარ გააკეთო მსგავსი პროექტები. ჩვენ ამას გიკრძალავთ” , – თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ COBERM პროექტი საქართველოს მთავრობის მიზნებსა და ამოცანებს შეესაბამება.

პოპულალურები