რატომ არის მნიშვნელოვანი უახლესი გაიდლაინების გათვალისწინება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის. ამ თემაზე „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ ნეონატალური განყოფილების ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა მაკა ჭიღლაძემ გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საქართველოში, უამრავ კლინიკაში და სამშობიარო სახლში არსებობს მშობელთა სკოლა, სადაც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დედები, ისე მამები და იქ შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდგომ, როგორ უნდა განახორციელონ ძუძუთი კვება, როგორ უნდა აღზარდონ ჩვილი, როგორ უნდა ჩააცვან ბავშვს სწორად და რა ფიზიკური აქტივობები არის აუცილებელი. ბოლო მონაცემებით, პროტოკოლებით და გაიდლაინებით ის, რომ ბავშვი 6 თვემდე არ უნდა დავსვათ, მითი აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვილები, ახალშობილების დაბადებისთანავე უნდა დავსვათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თავის ტვინისთვის, ნევროლოგიური სტატუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფიზიკური განვითარება ფსიქომოტორული განვითარებაზე ძალიან დადებითად აისახება. ჩვენ მშობლებს ვასწავლით, რომ ფიზიკური აქტივობა დაბადებისთანავე განახორციელონ, რომ დასვან ჩვილები, რომ ეს ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
ახლა აუტიზმის ეპოქაა, ძალიან ბევრი აუტისტური სპექტრის დაავადებაა და ამიტომ ბავშვთან კონტაქტი აუცილებელია. 2 კვირიდან ბავშვს უნდა დავათვალიერებინოთ წიგნები, ნახატები, 1 თვის ბავშვს უნდა წავუკითხოთ მოთხრობები, წიგნები, დავათვალიერებინოთ ნახატები, მკვეთრი ფერები, ეს ბავშვის დროული სოციალიზაციისთვის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ მშობლის ყურადღების დეფიციტი აუტისტური სპექტრის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია“ – განაცხადა მაკა ჭიღლაძე.