ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება „ნამოხვანჰესის“ პროექტის გამო სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკების ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც პროცესში მედიატორის როლს ასრულებს, წერს, რომ მხარეები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ – მისაღებ ზომებსა და ქმედებებზე – სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი, მათი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ განხილვა, რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია და ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის საფუძველზე ღია მსჯელობა.
მოლაპარაკების შუამავალი, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ ზომად რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას მიიჩნევს.
ბუშლეს განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და ხეობაში შესვლა ისევ შესაძლებელი უნდა იყოს, ისევე, როგორც ჯებირის ორივე მხარეს ადამიანების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ და საპოლიციო ძალები გავიდნენ
"ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ნაწილი ამ პირობებისა, შეთანხმდა."
„შესაბამისი ზომები უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა მიიღოს და მან აიღო ვალდებულება, რომ არსებულ ბარიერებს შეცვლის და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას,“ – აღნიშნავს მედიატორი, დირკ ბუშლე და ხაზს ამ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას უსვამს.
მედიატორის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად, ასევე შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს და ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რაც მედიაციის პროცესის გაგრძელებას შესაძლებელს გახდის.
“ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები პარასკევამდე უნდა შესრულდეს.