LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

91
1623513915-dirk-bushle-2

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ და საპოლიციო ძალები გავიდნენ

„ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ის მოიცავდა დისკუსიას. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობრივი აზრებიც, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე. პირველი – ეს არის „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ.

მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს მისი დეესკალაცია. შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი არის რკინის ბარიერების მოხსნა, საპოლიციო ძალების გაყვანა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან ერთად.

სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად იქნება ჩართული ამ განხილვებში და რა თქმა უნდა, არ იქნება ეს დოკუმენტი დოკუმენტისთვის, არამედ აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებადი.

რაც შეეხება მედიაციის პროცესის გაგრძელებას, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენ მიერ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე. ეს პირობები ვადებში ეფექტურად თუ აღსრულდება, რა თქმა უნდა მედიაცია აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები