LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით” – რას წერდა სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

313
მარინა გზირიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, ვახტანგ გზირიშვილის დედა და აფხაზეთში გმირულად დაღუპული ბადრი გზირიშვილის მეუღლე მარინა გზირიშვილი გარდაიცვალა.

მარინა გზირიშვილი გულის ოპერაციის შემდეგ დაიღუპა.

რამდენიმე დღით ადრე, მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში წერდა:

„მლოცველნო მომიხსენიეთ ხვალ 30.07.2024-ში დილით.

ცხოვრების სავალ გზებზე უფალი ყველას თავის სატარებელ ჯვარს გვარგუნებს, ზოგს მძიმეს და ზოგსაც მსუბუქს.

ხოდა ერთ ერთი მათგანი მეც ვარ, ვისაც მძიმე ჯვრის ტარება მარგუნა უფალმა. თითქმის დღემდე ვატარე ეს მეტად მტკინვეული მძიმე ჯვარი გულით. განსაკუთრებით კი ბოლო 16 წელი. მეტი ვეღარ შეძლო ჩემმა მტკინვეულმა გულმა, რადგანაც ხვალ 30.07.2024 – ში წმ. მარინეს ხსენების დღეს მიტარდება გულის ოპერაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 – წლის თავზე. ვიცი უფალი და დედაღმრთისმშობელი იქნებიან ჩემი შემწე და ასევე ოპერაციის დროს თავთან ჩემი მფარველი ანგელოზები მეყოლებიან, წმ. მარინე და ჩემი ვაჟკაცი შვილი ვახტანგი. “მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით.”, – წერდა მარინა გზირიშვილი.

შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. ვახტანგ გზირიშვილი მეტყვიამფრქვევე იყო, ის 8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ, მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. ვახტანგის მამა, ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

დედამ, მარინა გზირიშვილმა შვილის გარდაცვალების შემდეგ საქველმოქმედო ფონდი – ,,ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების“ ჩამოაყალიბა. ვარკეთილში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია, უშუალოდ ქალბატონი მარინას ძალისხმევით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების უკვდავსაყოფად აშენდა.

„თუ მკითხავთ ვის მივიჩნევ ჩვენი დროის გმირ ქალად დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ეს მარინა გზირიშვილია…“ – აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი გარდაიცვალა – გმირის დედას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ემშვიდობებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g