ახალი, 2022 წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება. პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად, ქვეყნების უმრავლესობამ დღესასწაულის გრანდიოზულ აღნიშვნაზე უარი თქვა.
კოვიდრეგულაციების დაცვით, მოკრძალებულად შეხვდება ახალ წელს გერმანია, ჩეხეთი, ნიდერლნადები – ქვეყნებმა დღესასწაულის მთავარ ატრიბუტზე, ფოიერვერკზე თქვეს უარი.
ვიდრე სხვა ქვეყნები 12:00 საათამდე წამების ათვლას დაიწყებენ, მსოფლიოს ყურადღება წყნარი ოკეანის კუნძულისკენ, კირიბატის კუნძულისკენ იქნება მიმართული, რადგან ახალი წელი პირველად სწორედ აქ დგება.
ამას ფაქტს საინტერესო ისტორია აქვს, 1994 წელს პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდა – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის უზრუნველყოფდა, რომ კირიბატის მოქალაქეებს ახალი წელი პირველებს აღენიშნათ.
სწორედ ამიტომ, არჩევნების შემდეგ ქვეყანა სამ სასაათო სარტყლად იყოფა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი მსოფლიოში პირველი ზეიმობს ახალ წელს.
ახალი წელი აქ 31 დეკემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე დგება.
ახალი წელი წარმოუდგენელია ჰარბორის ფეიერვერკების შოუს გარეშე, ასე რომ მსოფლიო არანაკლები ყურადღებით დაელოდება ახალი წლის დადგომას ავსტრალიაშიც, სადაც შოუ ტრადიციულად მოეწყობა. პანდემიის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტრადიციას არ უღალატოს და ჰარბორ-ბრიჯიდან სიდნეის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს თვალისმომჭრელი სანახაობა შესთავაზოს.
აქ ახალი წელი თბილისის დროით 17:00 საათზე დადგება.
ახალი წლის ღამეს, ნიუ-იორკში, ტრადიციული ბურთის დაშვებას მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან. იმისათვის, რომ მათ ღონისძიებაზე დასწრება შეძლონ, კოვიდპასპორტი უნდა წარადგინონ.
ფოიერვერკი არ იქნება დიდ ბრიტანეთშიც, თუმცა 2022 წლის დადგომას ლონდონის სიმბოლო ბიგ-ბენი ტრადიციულად ამცნობს დედაქალაქში შეკრებილ მოქალაქეებს.
“ომიკრონის” შტამის გავრცელების გამო, საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები წესდება ინდოეთში, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, რესტორნებს კი მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ.
ყველაზე გვიან, ახალი, 2022 წლის დადგომას ბეიკერისა და ჰოუ-ლენდის კუნძულებზე იზეიმებენ.