მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს ჩაეყარა. მას შემდეგ მასში, ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. აღნიშნულ კონკურსს საქართველო წელს მეცამეტედ უერთდება.
მაგდა სანიკიძე, საქართველოს ფოსტის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი:
– აღნიშნული კონკურსის მასშტაბს განაპირობებს ის ფაქტი, რომ მასში მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი 192 ქვეყანაა ჩართული. სწორედ ამ ქვეყნების ეროვნული საფოსტო ოპერატორები კურირებენ ლოკალური კონკურსის ჩატარებას იმ თემაზე, რომელსაც მსოფლიო საფოსტო კავშირი ადგენს. შედეგად, თითოეულ ქვეყანაში გამოვლენილი გამარჯვებული ასპარეზობას საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობს, ბოლოს კი მსოფლიო საფოსტო კავშირის ჟიური ავლენს მსოფლიოში საუკეთესო წერილის ავტორს.

საკონკურსო თემა ყოველწლიურად განსხვავებულია და ის ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხმიანება, როგორიცაა, მაგალითად, ეკოლოგია, მშვიდობა და ა.შ. წლევანდელი თემა განსაკუთრებით საინტერესოა – „მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში“ (Write a letter to a friend about why human connection matters in a digital world). წერილის ადრესატი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მაგრამ აუცილებლად – ძვირფასი ადამიანი.
აღნიშნული პროექტის მიზანი, გარდა იმისა, რომ წერილის წერის კულტურის შენარჩუნებაა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც კომუნიკაციამ, ძირითადად, ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა, ის ხელს უწყობს შემოქმედებითი და ლოგიკური აზროვნების განვითარებას მოზარდებში, ემპათიის გამოწვევას. ამ კონკურსით ჩვენ ვასწავლით მოზარდებს, რომ საერთაშორისო, გლობალურ საკითხებში იყვნენ ჩართულები, მიაწვდინონ მსოფლიოს ხმა, იყვნენ აქტიური მოქალაქეები.

– წლიდან წლამდე რამდენად მზარდია ქართველი მოზარდების ჩართულობა აღნიშნულ კონკურსში?
– უპირველესად მოგახსენებთ, რომ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში წელს მეცამეტედ, მსოფლიო მასშტაბით კი 55-ედ ჩატარდება. რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო ხუთი წელია, რაც საქართველოს ფოსტის გუნდის წევრი ვარ და აქტიურად ვადევნებ სტატისტიკას თვალს და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ის მხოლოდ მზარდია. შარშან, მაგალითად, კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, 1500-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, მსოფლიოს მასშტაბით კი – 4 მილიონზე მეტმა. აქტიურობის თვალსაზრისით, ვერ გამოვყოფ საქართველოს ვერცერთ რეგიონს, ვერც დედაქალაქს. აღმოჩნდა, რომ ეს კონკურსი ერთნაირად საინტერესოა ყველგან. აქვე დავძენ, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სწორედ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის სკოლებისთვის მიწოდებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემდეგ უკვე პროცესში მშობლები და პედაგოგები ერთვებიან, რათა მოზარდების წერილები ჩვენამდე მოვიდეს.

– კონკურსის ძირითად კრიტერიუმებზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორც ვიცით, უპირველესი პირობაა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ 9-15 წლის ასაკის მოზარდებმა.
– ხშირად გვეკითხებიან, რატომ აქვს კონკურსს ასეთი ასაკობრივი ზღვარი – ამ ზღვარს, ისევე როგორც თემატიკას არ ადგენს საქართველოს ფოსტა, წესების მდგენელი მხოლოდ მსოფლიო საფოსტო კავშირი გახლავთ. რაც შეეხება ძირითად კრიტერიუმებს: დაცული უნდა იყოს წერილის ფორმატი; მითითებული უნდა იყოს, ვინ არის გამგზავნი, ადრესატი; წერილი არ უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობამდე გამოქვეყნებულ-ტირაჟირებული; მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას; შესაძლებელია, რომ წერილი შესრულებული იყოს რამდენიმე ენაზე, ჩვენ ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანა ვართ და მსოფლიო საფოსტო კავშირი არ გვზღუდავს ამ მიმართულებით; მნიშვნელოვანია, რომ საკონკურსო წერილი თავდაპირველად ელექტრონული ფოსტის მისამართზე ([email protected]) გამოიგზავნოს, შემდეგ კი, ხუთი დღის ვადაში, დედანი, ხელნაწერი ვარიანტი იყოს წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვისცენტრში. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში საქართველოს ფოსტის 78 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. უფრო დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შეიძლება მოიძიონ საქართველოს ფოსტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში. სხვათა შორის, ნათლად ჩანს ხოლმე, რომ წერილის წერის პროცესში უფროსი ადამიანი იყო ჩართული, ამიტომ რჩევა იქნება, წერილში აისახოს მხოლოდ ბავშვის ემოციები, წერილი იყოს სრულად ბავშვის ნამუშევარი.

– როდის სრულდება საკონკურსო წერილების მიღება?
– წერილების მიღება დავიწყეთ 4 მარტიდან და მიხარია, რომ არ წყდება აქტიურობა, რაც გვაფიქრებინებს, რომ წლევანდელი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. საკონკურსო წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 4 აპრილი. მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ სიამოვნებით ვეცნობით მათ წერილებს, სიამოვნებით ვმოგზაურობთ მათ ისტორიებში.
– და ბოლოს, როდის შევიტყობთ გამარჯვებულის ვინაობას როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით?
– დასკვნით ღონისძიებას, როგორც წესი, ივნისში ვატარებთ. ცხადია, მანამდე გამორჩეულ წერილებს ვაწვდით სპეციალურ ჟიურის და სწორედ ის ავლენს გამარჯვებულს. გამარჯვებული წერილი იგზავნება მსოფლიო საფოსტო კავშირში, შვეიცარიაში და ფოსტის მსოფლიო დღეს, 9 ოქტომბერს ვიგებთ, რომელი ქვეყნის ნამუშევარი აღმოჩნდა განსაკუთრებული.