ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მხარდაჭერით, 2016-2017 აკადემიური წლისთვის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში (WMU) სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, საზღვაო სფეროს წარმომადგენლებისთვის ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობა ერთ-ერთ პრესტიჟულ მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი და ჰქონდეს მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება. დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე http://www.wmu.se/postgraduate-program-malm%C3%B6
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განახორციელებს მხოლოდ კანდიდატის ნომინაციას და სახელმწიფო მხარდაჭერას. კონკურსანტებს შეარჩევს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკონკურსო კომისია, რის შემდეგაც მოხდება სააგენტოს შერჩეული კანდიდატის წარდგენა მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში.
სააგენტოს ინფორმაციით, სწავლის დაფინანსება დამოკიდებულია დონორებზე, შერჩეული აპლიკანტის მიერ შევსებული აპლიკაციის ფორმაზე, კვალიფიკაციასა და სხვა ფაქტორებზე და ამ პროცესზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გავლენა არ გააჩნია.