LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონა ლიზა და მსოფლიოს კიდევ 8 ყველაზე ლამაზი ნახატი

4653
european-painting-gallery--museum-of-fine-arts--boston--ma-141818702-5a77b8048e1b6e0037f6ebf8

მხატვრობის შედევრები სამართლიანად მიიჩნევა კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობად. ზოგიერთი ნახატი მსოფლიოს დიდებულ მუზეუმებს ამშვენებს, ზოგიერთმა კი კერძო კოლექციებში დაიდო ბინა. მხატვრების მიერ შესრულებულმა ბევრმა ნახატმა, მათივე ცხოვრებაში აღიარება ვერ მოიპოვა. ახლა კი, აუქციონებზე საკმაოდ ძვირად იყიდება. ყველას არა აქვს შესაძლებლობა მსოფლიო მხატვრობის შედევრების ხილვით დატკბეს. სწორედ, ამის გამოსასწორებლად, გთავაზობთ ყველა დროის გამორჩეულ და ლამაზ ნახატებს.

ყველაზე ლამაზი ნახატების მცირე ჩამონათვალი:

 

ვენერას დაბადება

აღორძინების ეპოქის მხატვარმა, სანდრო ბოტიჩელმა თავისი შედევრი 1486 წელს შექმნა. შთამბეჭდავ ნახატს საფუძვლად ბერძნული მითოლოგია დაედო, როცა სილამაზის ქალღმერთი ზღვის ქაფიდან იშვა კუნძულ კვიპროსზე. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ქალღმერთს აფროდიტე ერქვა, რომაულ მითოლოგიიდან კი ვენერას სახელით ვიცნობთ.
კვერცხის გულისგან შემდგარი დამცავი ფენის წყალობით, რომლითაც ოსტატმა საკუთარი ნამუშევარი გონივრულად დაფარა, ნახატი დღემდე არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შემონახული. ის ამჟამად ფლორენციაში, უფიცის გალერეაში ინახება.

 

ტკბობის ბაღი

ნიდერლანდელი მხატვრის, ჰიერონიმუ ბოსხის მიერ შესრულებული ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ტრიპტიქი ამჟამად მადრიდში, პრადოს მუზეუმში ინახება. ნამუშევარს დიდი აზრობრივი დატვირთვა აქვს. გამოსახულების ცენტრალურ ნაწილში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ავხორცობასა და საკუთარ სიამოვნებას უდარდელად მიეცნენ. ტრიპტიქის მარცხენა მხარეს სამოთხის ბაღის სრული სიმშვიდე და ნეტარებაა გამოსახული, რაც კაცობრიობისთვის შეხსენებაა, თუ როგორ დაკარგეს ეს ნეტარება საკუთარი ცოდვების გამო. ბოსხის ნახატის მარჯვენა მხარე ჯოჯოხეთურ ტანჯვას გვიჩვენებს. ეს ნაწილი სავსეა ყველანაირი ეშმაკური მექანიზმებითა და წამების ინსტრუმენტებით.  მრავალი დეტალის საშუალებით მხატვარმა მოახერხა არაჩვეულებრივად გადმოეცა ნამუშევრის მთავარი აზრი. ტრიპტიქი „ტკბობის ბაღი“ სამართლიანად მიიჩნევა ბოსხის ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრად.

 

ღამის გუშაგი


გასაოცარი მეტამორფოზები ხანდახან  მსოფლიო მხატვრობის საგანძურებსაც ემართებათ. როცა მეცხრამეტე საუკუნეში რემბრანტის აღნიშნული ნახატი აღმოაჩინეს, ის ჭვარტლით იყო  სრულიად დაფარული. ნამუშევრის ნახვის დროს, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს მასში მოქმედება ღამე ხდებოდა. სწორედ ამიტომ ნახატს  „ღამის გუშაგი“ დაარქვეს. რესტავრაციის შემდეგ კი გაირკვა, რომ 1642 წელს შესრულებულ ნამუშევარში ყველაფერი დღის შუქზე ხდება. სინამდვილეში, ეს არის ჯგუფური პორტრეტი,  რომელიც მხატვარს 18 პერსონაჟით შეუკვეთს. რემრანტმა პორტრეტის კანონები უარყო და ადამიანები მოძრაობაში გამოხატა.

 

თავისუფლება ბარიკადებზე

რომანტიკოსსა და მეოცნებეს, რომანტიული ფრანგული ფერწერის დამფუძნებელ ეჟან დელაკრუას არ შეეძლო თავისი შემოქმედებით არ შეხებოდა ფრანგი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. ხალხის გამბედაობით შთაგონებულმა დელაკრუამ მონუმენტური ნახატი მხოლოდ სამ თვეში დახატა. კომპოზიციის ცენტრში გამოსახული ქალი, რომელსაც ხელში საფრანგეთის დროშა უჭირავს, თავისუფლების სიმბოლოა. ფრანგი ხალხის ერთობა კი სამ ფიგურაშია წარმოჩენილი: მშრომელი, ბურჟუაზი და მოზარდი. „თუ სამშობლოსთვის არ მიბრძოლია, მაშინ დავხატავ მაინც მისთვის!“ – ასეთი სიტყვებით წარუდგინა მხატვარმა თავისი ნამუშევარი მსოფლიოს საზოგადოებას.

 

ვარსკვლავებიანი ღამე

დიდებული ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტის, ვინსენტ ვან გოგის ცისკრის ვარსკვლავებით სავსე ცის ნახატი შთამბეჭდავია თავისი სილამაზითა და ბრწყინვალებით. სურათი ცხოვრების მიმდინარეობაზე გიქმნის შთაბეჭდილებას. გამოგონილი ქალაქი, რომელიც მხატვარმა მთებს შორის მოხერხებულად გამოსახახა, თითქოს სადაცაა გაიღვიძებს. ვარსკვლავებიანი ცა მზის ამოსვლის შემდეგ წარსულს გაყვება, მაგრამ მხატვარმა ამ მომენტის დიდებულება და განუმეურებლობა მეხსიერებაში აღგვიბეჭდა. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი დიდებული ნახატი ნიუ-ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება.

 

გოგონა მარგალიტის საყურით

იან ვერმეერის ნახატი თავის სილამაზესა  და დიდებულებას არ უთმობს ლეონარდო და ვინჩის შედევრს, რადგან „გოგონა მარგალიტის საყურით“ ხშირად ჩრდილოელ მონა ლიზად მოიხსენიება. ჰოლანდელი მხატვრის რეალისტური ნახატი უბრალოდ შთამბეჭავია. თითქოს  გოგონამ ეს-ეს არის ვიღაც შეამჩნია და მისკენ თავი მოაბრუნა. მნახველს პირველ რიგში, მომხიბვლელი გოგოს გულწრფელი გამოხედვა იზიდავს, რომლის სილამაზე საყურეში მოქცეულ მარგალიტის სილამაზეს ედრება. ორიგინალური ფერების შეხამებამ და ნახატის შესრულების მანერამ სურათი მსოფლიოს მხატვრობის ნამდვილ შედევრებში მოახვედრა.

 

ცისფერი მოცეკვავეები

ფრანგ იმპრესიონისტ ედგარ დეგას უამრავი შესანიშნავი ნამუშევარი აქვს, მაგრამ სილამაზითა და ემოციურობით „ცისფერი მოცეკვავეები“ სამართლიანად მიიჩნევა საუკეთესოდ. საოცარი ნახატი პასტელით არის შესრულებული და ამჟამად ის მოსკოვში, ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ინახება. დეგას ნამუშევრებში მოცეკვავეების თემა არაერთხელ განმეორდა, მაგრამ ამ ნახატის კომპოზიციური წყობა და ფერების ჰარმონიულობა ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებშიც კი აღფრთოვანებას იწვევს. მხატვარი „ცისფერი მოცეკვავეების“ შექმნის დროს უკვე საკმაოდ ცუდად ხედავდა, რის გამოც, ნახატი ფერადი და ნათელი ლაქების შესრულების  ტექნიკით შექმნა.

 

გოგონა ბურთზე

 

შეიძლება ვინმემ იკამათოს, მაგრამ პაბლო პიკასოს „გოგონა ბურთზე“ მსოფლიოს ერთ-ერთი შესანიშნავი ნახატია. ნახატის მთელი კომპოზიცია კონტრასტზეა აგებული: აკრობატის ქალურობა და გრაციოზულობა და ცირკის ათლეტის ძალა და მონუმენტალიზმი. პირქუში პეიზაჟი წინააღმდეგობაში მოდის მოხეტიალე ცირკის მსახიობების გამოსვლასთან. დიდებული მხატვრის დიდებული ნახატი სავსეა იმ პერიოდის შინაგანი დრამატიზმით. ნახატი 1905 წელს არის შესრულებული, როცა კაცობრიობა დიდი ცვლილებების ზღვარზე იმყოფებოდა, ეს კი ავტორმა ნახატში გამოსახა.

 

მონა ლიზა

სპეციალისტებისა და მსოფლიო საზოგადოების მიერ მსოფლიოს მხატვრობის შედევრად აღიარებული ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა” სამართლიანად მიიჩნევა არა მარტო ერთ-ერთ ულამაზეს ნახატად, არამედ ყველაზე იდუმალ ნამუშევრადაც. ტილოზე გამოსახული გოგონას იდუმალი ღიმილი, უკვე ხუთი საუკუნე კრიტიკოსებსა და მხატვრებს მოსვენებას არ აძლევს. უკვე რამდენი ვერსია მოვისმინეთ კითხვაზე, თუ ვინ არის დიდებულ ნახატზე გამოსახული. იყო ვერსიები, რომ ეს თავად ლეონარდოს ავტოპორტრეტია. ნახატის ბოლო გამოკვლევები გოგონას ზურგს უკან პეიზაჟის შესწავლით არიან დაკავებულები. დიდებული ოსტატის შესანიშნავი ნამუშევარი პარიზის ლუვრის ერთ-ერთ დარბაზშია გამოფენილი.

magti 5g