ნამდვილ მოგზაურ-გურმანებს დიდი ხანია მობეზრდათ დიდი ქალაქები და პოპულარული კურორტები. მითუმეტეს, რომ გემრიელად მირთმევას და ხარისხიანი მომსახურების მიღებას, დღეს ნაკლებად ცნობილ ადგილებში უფრო შეძლებთ, ვიდრე კარგად რეკლამირებულ სასტუმროებსა და რესტორნებში. გთავაზობთ მსოფლიოს 12 ულამაზეს სოფელს, რომელთა სტუმრობა აუცილებლად იქცევა დაუვიწყარ შვებულებად.
*ივუარი, საფრანგეთი
ჟენევის ტბის ფრანგულ სანაპიროზე გაშლილი შუასაუკუნეების სოფელი ივუარი, ოფიციალურად ითვლება საფრანგეთის ყველაზე ლამაზ სოფლად და თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით, ვიწრო ქუჩებით და სუვენირების კოლორიტული მაღაზიებით, ასევე ნაციონალური კერძებით და ხუთი პატარა სასტუმროთი, მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს. ქალაქში მშვიდი ცხოვრების რიტმია შენარჩუნებული, მოსახლეობა ძირითადად სუვენირების დამზადებით და ყვავილების სელექციითაა დაკავებული, მთავარ გართობად კი – შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ”შატო დ’ივუარის” ეზოში ან სანაპიროზე სეირნობა ითვლება, სადაც ნავებს შორის მშვიდად მცურავი გედების გამასპინძლებაც შეიძლება.
* ევიანი, საფრანგეთი
მთები და ჟენევის ტბის კრისტალურად სუფთა წყალი, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე გაშლილი ცნობილი კურორტის – ევიანის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. სხვათაშორის, მე-19 საუკუნიდან სწორედ აქ იწარმოება ცნობილი მინერალური წყალი Evian, რომელიც ძალიან მალე იქცა მსოფლიო ბრენდად და კურორტსაც სწრაფად მოუტანა პოპულარობა. ევიანი ტბის სანაპიროზე გაშენებული ქალაქია, სადაც უამრავი გასართობი, მათ შორის საცხენოსნო და გოლფ-კლუბები, სამორინეები, კაფეები და რესტორნებია. თერმული ცენტრი Thermes Evian-ი კი, მრავალფეროვან გამაჯანსაღებელ პროცედურას ჰპირდება მათ, ვინც ქალაქს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ესტუმრება.
* სოფელი ეზი, საფრანგეთი
საფრანგეთის რივიერას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი ნიცასა და მონაკოს შორისაა მოთავსებული და ძირითადად შეძლებულ სტუმრებს მასპინძლობს. ფინიკიელების მიერ დაარსებულმა სოფელმა სახელი თავისი კერძებით გაითქვა, მის მთავარ ღირსშესანიშნაობად კი, კაქტუსის ბაღი და თეთრი საძმოს მონანიებულ ცოდვილთა ეკლესია ითვლება.
* ბილბერი, გლოსტერშირი, ინგლისი
გლოსტერშირის საგრაფოს პატარა სოფელი ბილბერი, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ყველაზე ინგლისური სოფელია, რომელიც თავისი პატარა სახლებითა და წმინდა მარიამის ეკლესიით, ევროპული სოფლის იდეალური ილუსტრაციაა.
* სირაკავა-გო, იაპონია
სირაკავა-გოში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, მხოლოდ რამდენიმე ათეული სახლია. თავისი გაუვალი ტყეებით სოფელი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა გარე სამყაროსგან იზოლირებული და გეოგრაფიულ რუქებზეც არ იყო აღნიშნული. თუმცა დღეს, კოლორიტულ სოფელში, ”გასხოს” სტილში აშენებული სახლების სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩადიან ტურისტები.
* ბანიო ვინიონი, იტალია
ტოსკანაში უამრავი სოფელია აგროტურიზმის მოყვარულებისთვის. სწორედ ერთ-ერთი ასეთია ბანიო ვინიონია, სადაც უამრავ ისტორიულ ნაგებობასთან ერთად, სტუმრები თერმული ცენტრებითაც ისიამოვნებენ. თუმცა, ნუ გექნებათ დეტოქსიკაციისა და დიეტური საკვების მირთმევის იმედი, რადგან სოფელი ნამდვილი გასტრონომიული სამოთხეა და წონაში მომატებაც კარგი დასვენების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
* შაბლი, საფრანგეთი
პარიზის მთავარი ყურძნის მიმწოდებელი სწორედ შაბლია, სადაც ვაზის გარდა ულამაზესი ხეთისხილის ხეების ხეივნებიცაა, უგემრიელესი ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ ყველთან ერთად კი, პრქტიკულად ნებისმიერ ეზოში შეიძლება, რადგან ადგილობრივი მეღვინეები ყოველთვის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ და ტურისტებსაც დიდი სიამოვნებით მასპინძლობენ.
* ტორგნი, ბელგია
ბელგიური ტორგნი, რომელიც საფრანგეთის საზღვარზეა გაშენებული, თავისი 3 მილიონიანი ფრანგულენოვანი მოსახლეობით, ბელგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგულ დასახლებად ითვლება და ყველაზე მეტად მათ მოეწონებათ, ვისაც არასტანდარტული ტურიზმი იზიდავს. სოფელში უამრავი სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო, კაფე და რესტორანია.
* კუა ვანი, ვიეტნამი
სწორედ ვიეტნამი და მისი ეგზოტიკური ბუნება იქცა ფილმის ”ავატარი” დიზაინერების შთაგონების მთავარ წყაროდ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსგავსი პეიზაჟები სხვაგან არსად მოიძებნება. ტურისტების განსაკუთრებული სიმპათიით მეთევზეთა პატარა სოფელი კუან ვანი და ტივებზე აშენებული, წყალში მცურავი სახლები სარგებლობენ, რომლებიც განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ პატარა სოფელს.
* გოტჰორნი, ჰოლანდია
სოფელი გზების გარეშე ანუ ”ჰოლანდიური ვენეცია” – სწორედ ასე ეძახიან ულამაზეს ადგილს, რომელიც არხებზე გაშენებული და სადაც გადაადგილება მხოლოდ წყლის ტრანსპორტით შეიძლება. სოფელი მე-13 საუკუნეში დააარსეს ქვეყნის სამხრეთიდან გადმოსახლებულმა ლტოლვილებმა, პოპულარული კი მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გახდა, როცა ბერტ ჰაანსტრამ თავისი ცნობილი კომედია გადაიღო.
* ვენგენი, შვეიცარია
ალპიური ვენგენი სულ რაღაც 100 მოსახლეს ითვლის, თუმცა იმდენად პოპულარულია მოგზაურებში, რომ სტატისტიკით, ერთ მოსახლეზე სულ ცოტა 5 მოგტზაური მოდის. ვენგენი ცნობილი სათხილამურო კურორტია, მათ კი ვისაც ზამთრის სპორტი არ იზიდავს, შეუძლია კრიგსლოჰის გამოქვაბული მოინახულოს და მარიონეტების თეატრს ესტუმროს.
* სანტორინი, საბერძნეთი
ვულკანური კუნძული სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია, სადაც ყოველთვის სიამოვნებით ელიან შეყვარებულ წყვილებს. მასპინძლობას კი, მათ ტრადიციულ თეთრ სახლებში მოწყობილი საოჯახო სასტუმროები და რესტორნებია უწევენ.