კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარი 1982 წელს ინდონეზიის კუნძულ კალიმანტანზე მოხდა და ის მთელი 10 თვე გრძელდებოდა. მთლიანობაში ცეცხლმა ტყის მასივის 8 ათასამდე კმ. და კუნძულის 36 ათასი კმ. გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ხანგრძლივი გვალვა და მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.
საქმე ისაა, რომ ინდონეზიელები მიწათმოქმედებას ეწევიან და ტყეებსაც ხშირად წვავენ. 10 თვიანი ხანძრის შედეგები ბუნებრივია საკმაოდ მძიმე იყო – მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა განადგურდა, შეიცვალა მიკროკლიმატი და სასოფლო მეურნეობის წარმოება. კვამლმა ატმოსფერომდეც მიაღწია და უხვი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა და კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიწვია. მოსახლეობა ხანძარსა თუ წყალდიდობას არც კი ებრძოდა და შეშინებულები უბრალოდ უკან იხევდნენ.
მასშტაბური ტყის ხანძრები ყველაზე ხშირად ავსტრალიის კონტინეტზე ხდება და 1851, 1898, 1926, 1939 და 1983 წლებში მომხდარ სტიქიას ტრაგიკული დასასრულიც ქონდა. 1939 წლის იანვარში ვიქტორიას შტატში მომხდარმა ხანძარმა ტყის 1,4 მილიონი ჰექტარი დააზიანა. ამასთან 1300 სახლი დაიწვა და 71 ადამიანი დაიღუპა.
1983 წლის თებერვალში კი ჰაერის ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია და ტყის ხანძრების მთელი სერიაც დაიწყო. შედეგად ათასობით ჰექტარი და უამრავი სახლი დაიწვა. და რაც ყველაზე სამწუხარო იყო, 76 ადამიანი გარდაიცვალა და მათგან 15 მეხანძრე იყო.
2001-2002 წლების დეკემბერ-იანვრის თვეში გაჩენილი ცეცხლის მიზეზი ძლიერი ჭექა-ქუხილი გახდა. მეხმა სამხრეთ უელსში 100-მდე კერა გააჩინა და მათ 24 დღის განმავლობაში ასობით მეხანძრე და მოხალისე ებრძოდა. ხანძრის ფართობი 500 ათასი ჰექტარი იყო და ცეცხლმა 170 სახლი თუ სახელმწიფო ნაგებობა გაანადგურა. გარდა ამისა, სტიქიამ შტატის ნაციონალური პარკებიც დაწვა და მათ აღდგენას 10 წელზე მეტი დრო დასჭირდა. ხანძარმა ავსტრალია 70 მილიონი დოლარით დააზარალა. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ავსტრალიელებს ძლიერი წვიმა დაეხმარათ.
ყოველწლიური ხანძრები, რომლებმაც უკვე ნაციონალური კატასტროფის ხასიათი მიიღო – კალიფორნიის შტატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
შტატის ისტორიაში ყველაზე დიდი ხანძარი 2008 წლის ზაფხულში მოხდა და ის 21 ივნისიდან 14 ივლისამდე გრძელდებოდა. ცეცხლმა 250 ათასი ჰექტარი გაანადგურა, დაიწვა 100-მდე სახლი და დაიღუპა ერთი ადამიანი.
2007 წლის აგვისტოში სერიოზული ხანძარი მძვინვარებდა საბერძნეთში. ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და ცეცხლს 9 ათასი მეხანძრე და 500 ჯარისკაცი ებრძოდა. მოგვიანებით, სტიქიასთან გასამკლავებლად საერთაშორისო ძალებიც ჩაერთვნენ და ცეცხლის ჩაქრობაში 19 ქვეყნის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. ხანძრის შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა, 200 ჰექტარი ტყე დაიწვა და 1,5 ათასამდე სახლი განადგურდა.
2007 წლის ივლისში ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ესპანეთი, კანარის კუნძულები. ულამაზეს კურორტზე 35 ათასი ჰექტარი ტყე განადგურდა და ტერიტორიიდან 14 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ექსპერტთა აზრით, ხანძარმა ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია – ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობები განადგურდა.
2005 წელი პორტუგალიისთვის ხანძრის მასშტაბებით ნამდვილად რეკორდული იყო. ცეცხლმა ტყის მასივის 135 ჰექტარი გაანადგურა. ევროკომისიის დასკვნით, ქვეყანა დამწვარი მიწების რაოდენობით ევროპაში ლიდერიც კი გახდა. სტიქიის დამარცხებაში 4,8 ათასი მეხანძრე, 2,6 ათასი ჯარისკაცი და 49 ვეტმფრენი მონაწილეობდა. მაშინ ცეცხლმა 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თამარ ქირია