გაინტერესებთ თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტურისტული გასართობების სია? საინტერესო სტატია ბრიტანულმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე გამოცემამ სამხრეთ პოლუსის მონახულება გაიყვანა. დედამიწის დასალიერში საგზურების ღირებულება 59 900 დოლარიდან იწყება. პაკეტში შედის გაფრენა და გამოფრენა, კვება და რამდენიმე ღამის კარავში გატარების საფასური.
ტურისტების ძვირად ღირებულ გასართობთა შორის მოხვდა ბრიტანეთის ისტორიული მატარებლით Belmond British Pullman-ით გასეირნებაც. 1951 წლის შემადგენლობა ლონდონის რკინიგზის სადგური „ვიქტორიადან“ გადის და უკან იმავე დღესვე ბრუნდება. სულ რაღაც 3780 დოლარად მოგზაურს ისტორიული ინტერიერით ტკბობა, შამპანურის მირთმევა და 5 კერძისგან შემდგარი სადილის დაგემოვნება შეუძლია.
ველური ბუნების მოყვარულთათვის აფრიკულ ქვეყნებში გორილებთან ლაშქრობის ორგანიზებაა შესაძლებელი. მაგალითად, რუანდაში ამ ცხოველების შესწავლა ვულკანების ნაციონალურ პარკშია ყველაზე პოპულარული. პარკის მონახულების ნებართვა 1500 დოლარი ღირს და ამ ფასში საგანმანათლებლო პროექტებიც შედის.
Daily Mail-ის სიაში მოხვდა ევერესტზე ვერტმფრენით ექსკურსიაც. პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილში 4 საათიანი ტურის ფასი 1350 დოლარია. ფრენის დროს ექსტრემალები სხვა მწვერვალებზე გადმოსვლასაც შეძლებენ.
ძვირად ღირებულ აქტივობათა სიაში გამოცემამ შეიყვანა ასევე კენიაში ჟირაფების სასტუმროში დასვენება. ეს ცხოველები კომპლექსის ტერიტორიაზე თავისუფლად სეირნობენ და ფანჯრებიც კი იხედებიან იმის იმედით, რომ სასუსნავს მიიღებენ. სასტუმროში ერთი ღამის გათენების საფასური 875 დოლარია, თუმცა იქ გაჩერება ძალიან რთულია. საქმე ისაა, რომ ადგილის დიდი პოპულარობის გამო, რიგები ლამის წლობით იწელება.