LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მსურს, ყველას ასე აუხდეს დედის სიტყვები… ჰამლეტ გონაშვილი ფენომენალური მომღერალი იყო, ვფიქრობ, ასეთ შედარებას არ ვიმსახურებ“ – შთამბეჭდავი ხმის ტემბრი და უზადო შესრულების მანერა: გაიცანით დირიჟორი და ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალი თორნიკე არჩვაძე

960
თორნიკე არჩვაძე

შთამბეჭდავი ხმის ტემბრი, უზადო შესრულების მანერა და ხალხური მუსიკის განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც მის თითოეულ ბგერაში იგრძნობა, მსმენელს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს. მისი ნამღერის ერთხელ მოსმენაც კმარა, რომ მიხვდე, როგორი ენთუზიაზმით ემსახურება საყვარელ საქმეს, რომელსაც ცხოვრების მარადიულ გზას უწოდებს.

მნიშვნელოვანი მუსიკალური წარსულისა და გამოცდილების მქონე, 26 წლის თორნიკე არჩვაძეს იცნობენ როგორც აკადემიური გუნდის დირიჟორს, რომელიც ორ საგუნდო კოლექტივს ხელმძღვანელობს, და იცნობენ როგორც მომღერალს, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ანსამბლსა და გუნდში მღეროდა, ცოტა ხნის წინ კი, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ შეუერთდა.

ფართო აუდიტორიის ყურადღება, კიდევ ერთხელ, ახლახან, როგორც „ანსამბლ“ რუსთავის ერთ-ერთმა სოლისტმა, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი მიიპყრო, დიდ ინტერესთან ერთად კი, დაიმსახურა შეფასება, რომ მისი ხმა და შესრულების მანერა ჰამლეტ გონაშვილს ახსენებთ.

✨🥰🎶 „უტკბილესი ხმა და უნაკლო შესრულება“ – ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლის თორნიკე არჩვაძის საოცარი შესრულება ვიდეო: tornikearchvadze1 ცც #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on კვირა, 18 აგვისტო, 2024

როგორ იქცა სიმღერა მისი ცხოვრების მთავარ გზად, რა ეტაპები გაიარა, ვიდრე მისთვის გამორჩეულად საყვარელ ანსამბლს შეუერთდებოდა, როგორ ანაწილებს დროს ხალხურ სიმღერასა და საგუნდო მუსიკას შორის და რა გეგმები აქვს სამომავლოდ – „ფორტუნამ“ გადაწყვიტა თორნიკე არჩვაძე კიდევ უფრო ახლოს გაგაცნოთ.

მუსიკისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარული 3 წლის ასაკიდან იწყება, სწორედ ამ ასაკიდან დღემდე სიმღერის გარეშე არც ერთი წამი არ ახსოვს.

გვიყვება, რომ ქართული ხალხური სიმღერისადმი მისი ასეთი სიყვარული დედის დამსახურებაა, რომელიც შვილს ფოლკლორულ ნაწარმოებებს მცირე ასაკში ასმენინებდა:

„მშობლებმა სამი წლის ასაკში შემიყვანეს „ბასტი-ბუბუს“ სტუდიაში, სადაც ასევე იყო ქართული ხალხური სიმღერის წრე. ქართული ხალხური სიმღერა ბავშვობიდან მომწონდა, სულ ვღიღინებდი – ვმღეროდი ყველაფერს, რაც ვიცოდი და არ ვიცოდი. დედას სულ ვთხოვდი, ჩემთვის ძილის წინ ემღერა ხალხური სიმღერა, რომელიც მასაც ძალიან უყვარს.

დედამ სწორად ამოიცნო ის სიყვარული, რომელიც შემდგომში ჩემი ცხოვრების მარადიული გზა იქნებოდა და ამისთვის მას უდიდეს მადლობას ვუხდი“, – გვიყვება თორნიკე და აუდიტორიის წინაშე მის პირველ საჯარო გამოსვლას იხსენებს.

„ეს იყო სამი წლის ასაკში, როდესაც ღია გაკვეთილზე „კარკუჩით წამოიყვანეს“ შევასრულე. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ეს მოგონება ალბათ, არასდროს დამავიწყდება. დედა ხშირად მეუბნება, რომ ჩემი პირველი დიდი კონცერტი სწორედ ეს იყო“.

2007 წელს ანსამბლ „ერქვანის“ წევრი გახდა და სწორედ აქ მიხვდა, რომ მისი ცხოვრება ხალხური სიმღერისთვის უნდა დაეკავშირებინა.

„ანსამბლში 2015 წლამდე ვმღეროდი, გაწეული შრომისთვის მადლობას ვუხდი ანსამბლის ხელმძღვანელს, კახაბერ შაქიშვილს, რომელმაც არა მხოლოდ სიმღერა, არამედ მეგობრობა და სიყვარული გვასწავლა. ანსამბლ „ერქვანიდან“ გადავინაცვლე მგალობელთა გუნდში „აღსავალი“, სადაც 3 წლის განმავლობაში ვგალობდი. აქ დავეუფლე ქართულ ტრადიციულ გალობას და სწორედ აქედან იქცა სიმღერაც ჩემს პროფესიად“.

გუნდში სიმღერის პარალელურად, 2015 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა, 2019 წელს კი კონსერვატორიაში – საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე, ბორის ძნელაძის კლასში. ახლა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტია.

ამბობს, რომ კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების მთავარი ინსპირაცია გახდა სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი, რომელიც მისი მუსიკალური ცხოვრების მნიშვნელოვან მონაკვეთს მოიცავს – 2018-დან 2024 წლამდე თორნიკე სწორედ ამ გუნდის მომღერალი იყო.

6 წლის განმავლობაში იყო უამრავი საოცარი კონცერტი როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთი კი განსაკუთრებულია – სამების გუნდის ისტორიული კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, რომელსაც თორნიკე „ფორტუნასთან“ კიდევ ერთხელ იხსენებს.

„სამების გუნდს 2018 წელს შევუერთდი და მივხვდი, რომ მომავალში, ჩემი პროფესიული ცხოვრების მთავარი გზა საგუნდო მუსიკა და ხალხური სიმღერა უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის ხელმძღვანელს, სვიმონ ჯანგულაშვილს და გუნდს ნდობისთვის. მან შემძინა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის მუსიკალური აზროვნება და ძალიან ძვირფასი ადამიანები, ამ გუნდში სიმღერა დიდი პასუხისმგებლობაა.

როდესაც გუნდის რეპეტიციაზე პირველად მივედი, ჩემთვის, კუთხეში დავჯექი. გენიალური იოსებ კეჭაყმაძის „ეგზერსისს“ მღეროდნენ, ეს ნაწარმოები მაშინ პირველად მოვისმინე და უცებ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, მისტიკური გარემო შეიქმნა, დავეჭვდი და გავიფიქრე – საერთოდ, ამ გუნდის ღირსი თუ ვარ-მეთქი.

სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი პატრიარქის დამსახურებაა და მას ამ შესაძლებლობისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. ფაქტობრივად, შეუძლებელი რამ მოხდა – სიქსტის კაპელა არის ადგილი, სადაც ათწლეულებია კონცერტი არ ჩატარებულა და აქ გამოსვლა ძალიან ბევრი დირიჟორისა და მომღერლის ოცნებაა.

საოცარია, იდგე სისქტის კაპელაში შესანიშნავი მსმენელის წინაშე, კედლებზე ბოტიჩელის, ჭერზე მიქელანჯელოს შემოქმედებას უყურებდე და ამ დროს გალობდე „შენ ხარ ვენახს“ – ასეთი სიამოვნება არასდროს განმიცდია. ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია“…

თორნიკეს, როგორც გუნდის მომღერლის და გუნდის დირიჟორის კარიერა წარმატებით შედგა, თუმცა იყო ერთი გულისტკივილი – ბოლო პერიოდში ხალხურ სიმღერას მოსწყდა და მისთვის დრო აღარ რჩებოდა.

ხალხური სიმღერის უდიდესმა სიყვარულმა, მონდომებამ და იღბალმა თავისი როლი შეასრულა – თორნიკე გახდა იმ ანსამბლის წევრი, რომელიც ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარდა და რომელშიც, წარსულში, მისთვის განსაკუთრებული შემსრულებელი, გენიალური ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა.

„ჩემი ბავშვობის არც ერთი დღე არ გასულა ისე, რომ გენიალური ჰამლეტ გონაშვილისთვის, რამინ მიქაბერიძისა და ანსამბლ „რუსთავისთვის“ არ მომესმინა. სწორედ ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე ვარ გაზრდილი და აღზრდილი.

დედა ყოველთვის მეუბნებოდა და მამხნევებდა: „შენ ანსამბლ „რუსთავში“ იმღერებ“. მსურს, ყველას ასე აუხდეს დედის სიტყვები, მე არ მჯეროდა, დედას კი ყოველთვის სჯეროდა.

ანსამბლი, რომელიც 56 წელია არსებობს, გენიალურ ანზორ ერქომაიშვილის სიდიადეს უსვამს ხაზს. ეს ანსამბლი ჩემთვის ყველაფერია.

დიდ მადლობას ვუხდი ანსამბლის ხელმძღვანელს, დავით შანიძეს ნდობისთვის. ამ ანსამბლში სიმღერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველთვის ვეცდები, ღირსეულად გავაგრძელო „რუსთავის“ სახელი და მისი შემოქმედებითი ხაზი“, – ამბობს თორნიკე და ასევე გვპასუხობს კითხვაზე, თუ რას გრძნობს, როდესაც მის ნამღერს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას ადარებენ.

„ჰამლეტ გონაშვილი ფენომენალური მომღერალი იყო. მისი ნამღერი ადამიანის ხმის შესაძლებლობების უნიკალური გამოვლინებაა და ვფიქრობ, ასეთ შედარებას არ ვიმსახურებ, რადგან ის ერთადერთი და განუმეორებელი იყო. თუმცა, რასაკვირველია, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ასეთ შემსრულებელს გადარებენ და ასეთ თბილ და გულშიჩამწვდომ შეფასებებს ისმენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია და უფრო მეტი შრომის, მეტი სიყვარულისა და მეტი თავდადებისკენ მომიწოდებს“.

ამბობს, რომ თითოეული შეფასება, რომელსაც მსმენელისგან იღებს, ძალიან აძლიერებს, ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა კი, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.

ანსამბლმა „რუსთავმა“ განახლებული შემადგენლობით, ახლახან, ტურნეს ფარგლებში კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართა, მანამდე კი იაპონიას და გერმანიას სტუმრობდა. თორნიკე არჩვაძე მსმენელთან შეხვედრის შთაბეჭდილებებზე „ფორტუნასთან“ საუბრობს.

„ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ეს ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა…

ამავდროულად, საოცარია, როდესაც დგახარ უცხოელი მსმენელის წინაშე, მღერი ქართულ ხალხურ სიმღერას და მათი ოვაციები არ წყდება, არასდროს უნდათ, რომ კონცერტი დასრულდეს. განუსაზღვრელია მათი აღფრთოვანება და სიყვარული ქართული კულტურისადმი, ეს ყველაფერი მომღერალს ძალიან აძლიერებს. ჩვენ, მათ შორის მეც, ვარ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართული კულტურა და ხელოვნება საზღვრებს გარეთ გაიტანოს და უცხოელ მსმენელს მოასმენინოს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა“, – აღნიშნავს თორნიკე და იხსენებს ერთ-ერთ ეპიზოდს, როდესაც იაპონიაში, ერთ-ერთი კონცერტის დასასრულს, „რუსთავმა“ იაპონურ ანსამბლ „იამაშიროგუმთან“ ერთად ბისზე „მრავალჟამიერი“ შეასრულა.

„ანსამბლებს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მათ საქართველოში წლების წინ სოლო კონცერტიც გამართეს.

საოცარი შეგრძნებაა, როცა უსმენ, როგორი მონდომებით და სიყვარულით მღერის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ქართულ ტრადიციულ სიმღერას შენთან ერთად“.

ანსამბლში სიმღერის პარალელურად, თორნიკე არჩვაძე თავად ხელმძღვანელობს ორ საგუნდო კოლექტივს – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს და „მცხეთის ქალთა გუნდს“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს, რომელიც თორნიკე არჩვაძემ 2022 წელს შექმნა, მსმენელი უკვე კარგად იცნობს. შერეული გუნდი, რომლის პროგრამაც როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საგუნდო მუსიკას მოიცავს, ყველა სტილის, ეპოქისა და ჟანრის ნაწარმოებებს ასრულებს.

აუდიტორიის წინაშე პირველ გამოჩენას პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაც მოჰყვა – გუნდს არაერთ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2023 წელს გახდა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეშვიდე ეროვნული კონკურსის ოქროს მედლის მფლობელი. რამდენიმე თვის წინ კი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მესამე საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. ამასთან, გუნდი აქტიურად მონაწილეობს საგუნდო და კლასიკური მუსიკის ფესტივალებში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – სექტემბრის ბოლოს, საქართველოს ლატვიის ქალაქ ლიეპაიას საგუნდო კაპელა ეწვევა და გაიმართება საერთო საგუნდო კონცერტი რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.

მნიშვნელოვანი გეგმები აქვს „მცხეთის ქალთა გუნდსაც“, რომელიც ძალიან მალე, მსმენელს საინტერესო კონცერტით და პროგრამით დაუბრუნდება.

„მცხეთის ქალთა გუნდი 2023 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, სამების საპატრიარქო გუნდთან და მსოფლიოში აღიარებულ ოპერის მომღერალ იანო ალიბეგაშვილთან ერთად შედგა – შესრულდა პატრიარქის „ავე მარია“. ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო – ამ დროს სამების გუნდში ვმღეროდი, გვერდით კი ჩემი გუნდი მედგა.

გუნდმა გასულ წელს გამართა პირველი სოლო კონცერტიც, რომელზეც შესრულდა როგორც ქართული და ევროპული საგუნდო მუსიკა, ასევე ქართული ხალხური სიმღერები და ჩემ მიერ არანჟირებული ნაწარმოებები“, – უყვება თორნიკე „ფორტუნას“.

თორნიკე ასევე გვესაუბრება სამომავლო გეგმებზე, რომელთა შორის მორიგი, ახალი ნაწარმოების შექმნაა. მისი პირველი ნაწარმოების პრემიერა 2023 წელს, თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე უკვე შედგა. სახელმწიფო გამოცდაზე, ამავე ნაწარმოებით დაასრულა კონსერვატორიის ბაკალავრიატის კურსიც.

„თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე კონსერვატორიის გუნდთან ერთად პირველად გაიჟღერა ჩემმა ნაწარმოებმა „კრწანისის ყაყაჩოები“, რომელიც ჩემს მეგობარს, მუსიკოს თემურ ყვითელაშვილს [უმცროსს] მივუძღვენი. სოლისტები კი ნინო ავალიშვილი და ვანო დვალიშვილი არიან.

ნაწარმოებს კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ეს ძალიან სასიამოვნოა, მომეცა სტიმული, რომ წერა გავაგრძელო, ახლაც ამ პროცესში ვარ. ეს ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, არასდროს გავჩერდები, უფრო მეტად ვეცდები, ჩემი თავის ამ კუთხით განვითარებას.

„ასე რომ, თორნიკეს გული ორ ნაწილად არის გახლეჩილი – 51 პროცენტი ხალხურ სიმღერას ეკუთვნის, 49 პროცენტი კი საგუნდო მუსიკას.

მზად ვარ, თავდადებით და დიდი სიყვარულით ვემსახურო ქართულ ხელოვნებას“ – აღნიშნავს თორნიკე არჩვაძე „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g